მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კატალონიაში მასშტაბური ცეცხლის გამო მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა

ხანძარი

მასშტაბური ხანძრის ფონზე, ესპანეთის ხელისუფლება კატალონიაში, ტარაგონას პროვინციაში, 18 000-ზე მეტ მოქალაქეს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. ცეცხლის 3000 ჰექტარზე გავრცელების ფონზე, განხორციელდა რამდენიმე ათეული რეზიდენტის ევაკუაციაც.

მას შემდეგ, რაც ესპანეთში რეკორდულად ცხელი ივნისი დაფიქსირდა და 1 ივლის კატალონიაში ტყის ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ქვეყნის ძირითადი ნაწილი მოსალოდნელი სტიქიისთვის განსაკუთრებული სიფრთხილით ემზადება. ცეცხლის ბოლო ასეთი კერა ორშაბათს დილით, სოფელ პაულსთან გაჩნდა და, მიუხედავად მეხანძრე-მაშველების ძალისხმევისა, ძლიერი ქარის გამო სწრაფად გავრცელდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სტიქიის ადგილზე 300-ზე მეტი მეხანძრე მუშაობს, ისევე როგორც, საგანგებო სამხედრო დანაყოფი.

კატალონიის სახანძრო რეგიონული სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე ქარის სიჩქარე 90 კმ/სთ-ს აღწევს და მოსალოდნელია, რომ ვითარება დღეს შემსუბუქდება. მათი თქმით, შესაძლებელი გახდა ცეცხლის გავრცელების შეჩერება მდინარე ებროს გასწვრივ, რაც წინააღმდეგ შემთხვევაში ვითარებას კიდევ უფრო გაართულებდა.

ოფიციალური პირების ცნობით, დამწვარი ტერიტორიის 30% კატალონიის ბუნებრივ ნაკრძალს მიეკუთვნება. ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები