მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კატარი, ევროპა, სინგაპური, იაპონია... – „ვილა მოსავალი“ ღვინის საექსპორტო ბაზრებს აფართოებს

64071b46eef6c
ვიქტორია მღებრიშვილი
11.03.23 23:30
858

ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვილა მოსავალი“ წარმოებაში ექსპორტის წილის გაზრდას გეგმავს, რისთვისაც ახალ საექსპორტო ქვეყნებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

კომპანია, რომელიც ოფიციალურად 2018 წლიდან ამოქმედდა, აქტიურად ექსპორტზე 2021 წლიდან გავიდა. „ვილა მოსავალი“ კახეთსა და ქართლში 40 ჰა-ზე გაშენებულ ვენახებს მართავს და წლიურად 20 სახეობის 150 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს, რომელიც ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე რეალიზდება.

როგორც „ვილა მოსავალის“ მთავარი მეღვინე გიორგი შეყრილაძე BM.GE-სთან საუბრისა ამბობს, მიმდინარე წელს გაყიდვების 70% ადგილობრივ ბაზარზე, 30% კი ექსპორტზე მოდიოდა. უახლესი 2 წლის განმავლობაში კი კომპანია ექსპორტის წილის 70%-მდე გაზრდას გეგმავს.

„ჩვენი მთავარი გათვლა და მიზანია, რომ წარმოებული ღვინის 70% ექსპორტზე გავიდეს, 30% კი ადგილობრივზე. ეს გეგმა დაახლოებით 2-3 წელიწადზეა გაწერილი. თუმცა გასულ წელს თუ ექსპორტზე 50-60 ათასი ბოთლი იყო ექსპორტზე მიმართული, წელს უნდა 100 000-ზე უნდა ავიდეთ. ჩვენი მიზანი სწრაფად გაყიდვა არ არის, რადგან ჩვენი დამზადებული ღვინო სხვადასხვა ტექნოლოგიით ვარგდება, შემდეგ ბოთლში ისხმება და მინიმუმ ერთი წელი გაყიდვაში არ ეშვება. ღვინის მასიური წარმოება ჩვენი თვითმიზანი არ არის, ჩვენთვის მთავარია შევქმნათ ისტორია. მსოფლიოში ხარისხიანი ღვინის წარმოდგენას ვისახავთ მიზნად.

იანვრიდან აქტიურად დავიწყეთ მუშაობა. გაგზავნილი ღვინოები ამერიკაში უკვე ჩავიდა, ღვინის პარტიებს ამ ეტაპზე ვამზადებთ ლატვიისთვის... მოლაპარაკებები გვაქვს სინგაპურთან, ტაილანდთან, რადგან აზიური ბაზარი ძალიან საინტერესოა. დაწყებული გვაქვს მოლაპარაკებები იაპონიასთან. დაინტერესებაა ბელგიიდან, ასევე ტენდერში ვმონაწილეობთ ნორვეგიასა და შვედეთში, სადაც ვფიქრობთ კონკურენტუნარიანნი ვიქნებით და გავიმარჯვებთ“, - ამბობს მთავარი მეღვინე.

„ვილა მოსავლისთვის“ ერთ-ერთი საინტერესო საექსპორტო ბაზარი ასევე კატარი იქნება, სადაც ალკოჰოლიანი სასმელების შეტანის ლიცენზია კომპანიამ უკვე მიიღო და ქართული ღვინო დოჰაში, "მოსავალის" ბრენდის ქვეშ გახსნილ რესტორანში გაიყიდება.

„ვილლა მოსავალმა“ 2023 წელს კატარში რესტორანი „მოსავალი“ გახსნა და ზაფხულში ჩვენი ღვინოები ამ მიმართულებით გაიგზავნება. ვფიქრობ, ქართული მეღვინეობისთვის, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. კატარში ქართული ღვინის გატანის მიზნით ლიცენზიის მოპოვება რთული იყო და ამაში კატარში საქართველოს საელჩო დაგვეხმარა. როგორც ჩემთვის ცნობილია ღვინის გაყიდვის ლიცენზია მხოლოდ 5-ვარსკვლავიან სასტუმროებს აქვთ მინიჭებული. ღვინის რეალიზებას ბაზარზე ერთი სახელმწიფო სადისტრიბუციო კომპანია ახდენს, რაც ამ პროცესებს უფრო ართულებდა. ლიცენზიის მოპოვებაზე დაახლოებით 1 წელი ვმუშაობდით. დღეს ეს ლიცენზია უკვე გვაქვს და 7-8 სახეობის ღვინის გატანა შეგვეძლება. პირველ ჯერზე საცდელად მცირე რაოდენობას გავაგზავნით, რათა მომხმარებელი ჩვენი ღვინის გემოებს შევაჩვიოთ. ამ ეტაპზე გასაგზავნი ღვინოების სახეობების შერჩევაზე ვმუშაობთ“, - აცხადებს გიორგი შეყრილაძე.

ცნობისთვის: კომპანია "ვილლა მოსავალი" საქართველოში 2018 წელს დაფუძნდა. დღეისთვის კომპანია თბილისთან ახლოს სოფელ ახალუბანში სასტუმრო კომპლექსს "ვილა მოსავალს" მართავს, რომელიც რესტორან "მოსავალს" და ასევე მასთან არსებულ მეღვინეობას აერთიანებს. მეწარმეთა რეესტრის მიხედვით, საქართველოში რეგისტრირებული კომპანია "ვილლა მოსავალის" 70%-იანი წილის მფლობელი მიხეილ შეყრილაძეა, 30%-ის კი ქართლოს დიასამიძე.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები