მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კატარის ნაჩუქარი თვითმფრინავის გადაკეთება მილიარდები დაჯდება და რისკებიც ვერ აღმოიფხვრება - შუმერი

შუმერი

სენატში დემოკრატების ლიდერი ჩაკ შუმერი გეგმავს კანონპროექტი შეიტანოს, რომლითაც ამერიკის პრეზიდენტს უცხო ქვეყნის თვითმფრინავის გამოყენებას აუკრძალავს. ამით შუმერი აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს არ მისცემს საშუალებას კატარში ნაჩუქარი 400 მლნ დოლარის ღირებულების თვითმფრინავი გამოიყენოს.

„კატარის თვითმფრინავის განახლება მილიარდები დაჯდება და ვერასდროს შეძლებს კატასტროფული რისკების სრულად აღმოფხვრას“, - დაწერა შუმერმა X-ზე.

გასულ კვირაში ტრამპი ახლო აღმოსავლეთში იმყოფებოდა. მანამ, სანამ ტრამპი კატარში ჩავიდოდა, ცნობილი გახდა, რომ მილიარდერი პრეზიდენტი ქვეყნის ხელისუფლებისგან საჩუქრად 400 მლნ დოლარის ღირებულების თვითმფრინავს მიიღებდა, რომელსაც ჯერ საპრეზიდენტო ბორტად გამოიყენებს, მოგვიანებით კი საკუთარ ფონდს გადასცემს და კერძო თვითმფრინავად ეყოლება.

ამ გარიგების შესახებ ინფორმაცია, მართალია, დონალდ ტრამპის კატარული ვოიაჟის დროს უნდა გასაჯაროებულიყო, მაგრამ ტრანზაქციების შესახებ დეტალები მედიამ უფრო ადრე გაავრცელა. მოგვიანებით, ამ თემაზე თავდაცვის დეპარტამენტმა ისაუბრა, რადგან ოფიციალურად ნაჩუქარ თვითმფრინავს სწორედ ის მიიღებს. უწყების შეფასებით, საჩუქრის მიღება ისევე როგორც შემდეგ მისი დონალდ ტრამპის ფონდისთვის გადაცემა, კანონიერია და სრულ თანხვედრაშია როგორც მოსყიდვის საწინააღმდეგო კანონმდებლობასთან, ასევე კონსტიტუციასთან, რომელიც თანამდებობის პირებს საჩუქრების მიღების ნებას მხოლოდ კონგრესის დასტურის შემდეგ რთავს.

ნაჩუქარი Boeing 747-8KB-ის ტიპისაა და ამ დრომდე, მას კატარის სამეფო ოჯახის წევრები იყენებდნენ. თავად თვითმფრინავი ულტრა ძვირად ღირებულ ბიზნესის კატეგორიას განეკუთვნება, ხოლო მისი ინტერიერის დიზაინზე ცნობილმა ფრანგმა ფოტოგრაფმა და დიზაინერმა, ალბერტო პინტომ იმუშავა. თვითმფრინავში ვხვდებით, როგორც მოსასვენებელ ოთახებს, ასევე საძინებლებს. თავად საჰაერო ხომალდი საკმაოდ ტევადია და ერთდროულად 89 ადამიანის გადაყვანა შეუძლია. საავიაციო ექსპერტების შეფასებით, ნაჩუქარი თვითმფრინავი დაახლოებით 400 მლნ დოლარი ღირს.

თუ ტრამპს სურს ამ თვითმფრინავით პრეზიდენტობის დროს ისარგებლოს, ის საფუძვლიანად უნდა გადაკეთდეს. ამიტომაცაა, რომ თვითმფრინავს ოფიციალურად აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო მიიღებს, რომელიც მას საპრეზიდენტო ბორტის, Air Force One-ის სტანდარტებამდე აღჭურავს. საპრეზიდენტო ბორტი, რეალურად თეთრი სახლის მფრინავი ანალოგია, ანუ ის დახუნძლულია, როგორც ფუნქციონალით, ასევე სამხედრო-თავდაცვითი ტექნოლოგიებით. თვითმფრინავი, სხვათა შორის მდგრადობას ბირთვული აფეთქების ტალღების წინააღმდეგადაც ინარჩუნებს. საპრეზიდენტო ბორტი არ ჩანს რუკებზე, მაგრამ ის ყოველთვისაა კავშირზე თეთრ სახლთან და პენტაგონთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები