კატარის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანია QatarEnergy-მ თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) წარმოების შეჩერების შესახებ განაცხადა. გადაწყვეტილება ირანის მიერ კატარის ენერგოინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ იერიშებს უკავშირდება.
კომპანიის ცნობით, თავდასხმის სამიზნე გახდა გაზის გადასამუშავებელი ორი საკვანძო ობიექტი: ხმელეთზე განთავსებული ბაზა „რას ლაფანი“ და ბუნებრივი აირის წარმოების უმნიშვნელოვანესი ცენტრი „მესაიდი“.
კატარი, აშშ-ს, ავსტრალიასა და რუსეთთან ერთად მსოფლიოში თხევადი ბუნებრივი აირის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. ენერგეტიკული ობიექტების პარალიზებამ და წარმოების შეჩერებამ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ფართომასშტაბიანი ომის ფონზე, შესაძლოა, გლობალურ ენერგობაზარზე მიწოდების სერიოზული დეფიციტი და ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს.




























