კატასტროფა ხდება, - ასე აფასებს „კუმისის“ დირექტორი, გოგიტა მაისურაძე ინდუსტრიაში კადრების დეფიციტის კუთხით არსებულ ვითარებას. როგორც bm.ge-სთან ინტერვიუში, მაისურაძემ აღნიშნა, კომპანიაში კვალიფიციურ კადრებზე საერთოდ აღარც საუბრობენ, ვინაიდან არაკვალიფიციური კადრების დეფიციტია.
„კვალიფიციური კადრები ჩვენი ტერმინოლოგიიდანაც კი ამოვიღეთ და ვთქვით, რომ მზად ვართ ნებისმიერი კადრი მივიღოთ, გადავამზადოთ, ხელი შევუწყოთ სატესტო პერიოდი ჩვენთან გაატაროს, ჩავდოთ ინვესტიცია მის განათლებაში, შემდეგ კი ეს ადამიანი კომპანიაში დარჩეს. თუმცა, კატასტროფა ხდება. ამბიციები ბევრია“, - განაცხადა გოგიტა მაისურაძემ.
მისი თქმით, სერიოზული პრობლემაა „ადამიანების გადინება“, რის გამოც კადრების მოძიება ჭირს.
„ზოგჯერ, გარკვეული თვის ჭრილში კადრების 20% გვაკლია, როგორც რიგითი თანამშრომლების კუთხით, ასევე მენეჯმენტშიც. გარკვეული ნაბიჯები გადავდგით და უკვე მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ თანამშრომლებს შესაბამისი ანაზღაურება მივცეთ. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც კადრების დაკომპლექტება 98%-ით მოვახერხეთ და რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ, ისევ კადრების გადინება გვიფიქსირდება. ეს ძალიან მტკივნეულია, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ დავნერგოთ პროცესების ავტომატიზაცია, თუმცა გვინდა თუ არა, სამუშაო ძალა მაინც საჭიროა“, - განაცხადა „კუმისის“ დირექტორმა.
მისივე თქმით, საწარმოში ამჟამად დაახლოებით 200 მუდმივი დასაქმებულია, სეზონურად კი რამდენიმე ათეული ადამიანი ემატებათ.
ცნობისთვის, „კუმისი“ საშუალოდ დღეში 200 000 ცალ კვერცხს აწარმოებს. კომპანია კვერცხის ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელს წარმოადგენს ქვეყანაში.