ქართული არტიზანული ბრენდი Kaveuli, რომელიც ნიშურ სუნამოებს, სამკაულებსა და ძვირფასი ლითონისგან დამზადებულ აქსესუარებს (სარკე, სავარცხელი, ზარდახშა და სხვა) ქმნის, კორპორატიული მიმართულებით განვითარებაზე მუშაობს.
როგორც ბრენდის დამფუძნებელი და პარფიუმერი თამარ ქაფიანიძე BM.GE-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, ბოლო პერიოდში ინტერესი ინდივიდუალური და კორპორატიული სუნამოების შექმნის მიმართ გაიზარდა. კომპანიები სულ უფრო ხშირად ცდილობენ ერთგულ მომხმარებლებს უნიკალური, ემოციურ კავშირზე აგებული საჩუქარი შესთავაზონ - არომატი, რომელიც მათ ბრენდის ისტორიას ჰყვება.
თამარს უკვე აქვს გამოცდილება ორ იტალიურ კომპანიასთან თანამშრომლობის, სადაც კორპორატიული სუნამოების შექმნაზე იმუშავა. მისი თქმით, ეს პროცესი კომპლექსური და ხანგრძლივია, მოითხოვს ბევრ ექსპერიმენტირებას, რადგან არომატში უნდა ითარგმნოს კორპორაციის ფილოსოფია და მთავარი გზავნილი.
„სურნელს ადამიანები ცხვირით შევიგრძნობთ, მაგრამ ვამუშავებთ ტვინით - სწორედ იქ, სადაც სურნელი და ემოცია ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ამიტომ ჩემთვის გასაგებია კომპანიების სურვილი “მათთვის შექმნილი არომატი” დაუკავშირონ ამბავს და მომხმარებელში აღძრან ემოცია. ბრენდის მთავარი სათქმელი მკარნახობს ინგრედიენტებს, რასაც საბოლოოდ ვიყენებ სუნამოში“, - განმარტავს იგი.
კორპორატიულ მიმართულებასთან ერთად, Kaveuli აგრძელებს საკუთარი პროდუქციის განვითარებას. ბრენდი, რომლის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად სუნამოს ხაზი სახელდება, საწარმოო ნედლეულს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ყიდულობს: „ინგრედიენტები ჩამოგვაქვს საფრანგეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, ამერიკიდან, ნეპალიდან, იაპონიიდან და ჩინეთიდან. ყველაზე რთული და კომპლექსური პირველი სუნამო Kaveuli Parfum-ია. მასში 211 წიწვოვანი ნოტია, რომელთაგან შვიდი უნიკალურია, ხოლო ერთი კავკასიური სოჭია, რომელიც თავად გამოგვყავს”, - აცხადებს თამარ ქაფიანიძე.
თუმცა, მისი ინფორმაციით, წარმოებას არაერთი გამოწვევა ახლავს. ნედლეულის გაძვირება და ვალუტის კურსის მერყეობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფასებზე. ის აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით მკვეთრად გაიზარდა ვერცხლის ღირებულება, რომელიც გამოიყენება როგორც სამკაულში, ისე Kaveuli Parfum-ის სპეციალურ, გულსაკიდიან ვერსიაში.
„თუ წარმოების დაწყებისას 1 გრამი ვერცხლი 1,60 ლარი ღირდა, მოგვიანებით მისი ფასი 9 ლარამდე გაიზარდა. შედეგად, ვერცხლის გულსაკიდიანი ვერსიის ფასი 1940 ლარია და მისი მასობრივი წარმოება ეკონომიკურად აღარ არის გამართლებული - მომავალში ეს მოდელი რითეილში აღარ იქნება წარმოდგენილი და მხოლოდ ინდივიდუალური შეკვეთით იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო საცალო ქსელში მხოლოდ სუნამო დარჩება.
პირველი სუნამო იყო ჩემი ოცნება - აბასთუმნის წიწვოვანი ტყის სურნელის შექმნა. ამ ფორმულაზე დაახლოებით 16 წელი დავხარჯე და არ მიფიქრია არომატის კომპლექსურობაზე, თუ საფასო პოლიტიკაზე“, - ამბობს პარფიუმერი.

მისი თქმით, პროდუქტის კომპლექსურობიდან გამომდინარე, ამ სუნამოს წარმოების მასშტაბის გაზრდა მარტივი არ არის.
„როდესაც „კავეულის“ შექმნის იდეაზე ვფიქრობდი, ძალიან მინდოდა, შეძლებისდაგვარად ყველაფერი, რაც საბოლოო პროდუქტთან იქნებოდა დაკავშირებული, შექმნილიყო საქართველოში. სუნამოს ინგრედიენტების საქართველოში წარმოება თავიდანვე ვიცოდი, რომ წარმოუდგენელი იყო, მაგრამ მინდოდა, შეფუთვა და ბოთლი მაინც აქ დაგვემზადებინა. შეფუთვაზე ბევრი ვიშრომეთ და შევძელით, მაგრამ ბოთლი ყველაზე დიდი გამოწვევა აღმოჩნდა. საქართველოში შუშის წარმოება ძირითადად ორიენტირებულია ღვინისა და წყლის ბოთლების, ასევე სარკეების დამზადებაზე, სუნამოს ბოთლის წარმოებაზე ინტერესი არ არის. ხოლო უცხოური მწარმოებლები ინდივიდუალური დიზაინის ბოთლის შეკვეთის შემთხვევაში ითხოვენ რაოდენობას, რომელიც მასობრივი ბაზრის პირობებს აკმაყოფილებს. მცირე წარმოებისთვის ამ პირობის შესრულება ძალიან რთულია. ინდივიდუალური დიზაინის ბოთლის ყალიბის დამზადების ფასი და ბოთლების მოთხოვნილი რაოდენობა მას მარკეტზეა გათვლილი, ჩვენ კი მასობრივ წარმოებაზე არ ვაკეთებთ აქცენტს. ჩვენი ფილოსოფია ნიშ, მაღალ საფასო სეგმენტს ერგება”, - განმარტავს ქაფიანიძე.
სწორედ ამიტომ, კომპანია ახლა ქართველ ხელოვანებთან ერთად მუშაობს თავისი ინდივიდუალური ბოთლის შექმნაზე, რომელიც საქართველოში დამზადდება და ყველაზე ზუსტად ასახავს ბრენდის იდენტობას : “ჩემი სურვილი პირველი დღიდან იყო, რომ "კავეულის" ყველა სუნამო მეტალის ბოთლში ჩამომესხა. „კავეული“ თავისი შინაარსით რკინის პატარა ნივთებს ნიშნავს, სწორედ ამიტომ მეტალი ყველაზე შესაფერისია “კავეულის“ სუნამოებისთვის. თუმცა, თავიდან ეს ტექნიკურად რთული აღმოჩნდა“.

ქაფიანიძის თქმით, ვერცხლის ბოთლის იდეაც არსებობდა, თუმცა ვერცხლის მკვეთრი გაძვირების გამო პროექტი არარაციონალური გახდა და მხოლოდ ვერცხლის გულსაკიდი გაკეთდა, სადაც შესაძლებელია 10 მლ სუნამოს გადატანა და ტარება. ახლა მუშაობა უჟანგავი ლითონის ბოთლზე მიმდინარეობს, რომელიც სუნამოს შესანახად უსაფრთხოა. პროცესი სატესტო ეტაპზეა და მოიცავს სხვადასხვა სისქის ლითონის, ხრახნისა და პულვილიზატორის გამოცდას.
„ძალიან ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი - ბოთლი ხელნაკეთი იქნება, მაგრამ უნდა აკმაყოფილებდეს ყველა სტანდარტს. თუ ტექნიკური ტესტირება წარმატებით დასრულდება, ვფიქრობთ, რომ 2026 წლის ბოლოს ბოთლი მზად უნდა გვქონდეს“, - ამბობს თამარ ქაფიანიძე.
პირველ ეტაპზე, კომპანია დაახლოებით 500 ლითონის ბოთლის დამზადებას გეგმავს, თუმცა მანამდე რამდენიმე საცდელი ნიმუში ხანგრძლივ ტესტირებას გაივლის. ბოთლის შექმნის შემდეგ “კავეული” გეგმავს ახალი სუნამოს გამოშვებას, რომელიც სრულიად განსხვავებული იქნება სამი არსებული არომატისგან.
Kaveuli 2018 წელს დაარსდა და თავდაპირველად მხოლოდ სამკაულის ხაზს მოიცავდა. 2020 წელს ბრენდმა პირველი სუნამო გამოუშვა, ხოლო დღეს ასორტიმენტში სამი სუნამოა წარმოდგენილი. 2022 წელს კომპანიამ დაამატა „ბიუთი ობჯექთების“ ხაზი.




























