მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კავკასიაში EBRD-ის რეგიონული დირექტორის თანამდებობას თომას კაირისი დაიკავებს

თომას კაირისი EBRD

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) კავკასიაში ახალი რეგიონული დირექტორი დანიშნა. 2026 წლის 1-ლი სექტემბრიდან აღნიშნულ თანამდებობას თომას კაირისი დაიკავებს, რომელიც თბილისში იქნება დაფუძნებული და ბანკის საქმიანობას საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში უხელმძღვანელებს.

EBRD-ის ინფორმაციით, თომას კაირისი ბანკს 2006 წელს, კერძო სექტორიდან შეუერთდა და კარიერა ლონდონში, გენერალური იურიდიული სამსახურის მრჩევლის პოზიციაზე დაიწყო. 2011-2015 წლებში სტამბოლში მუშაობდა, სადაც თურქეთში EBRD-ის პირველი იურიდიული წარმომადგენლობა შექმნა. 2022 წლიდან კი ბალტიისპირეთის ქვეყნებში ბანკის რეგიონული დირექტორისა და ვილნიუსის რეზიდენტი ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებს.

ბანკის განცხადებით, კაირისის ხელმძღვანელობის პერიოდში ბალტიის ქვეყნებში EBRD-ის ინვესტიციებმა ზედიზედ ოთხი წლის განმავლობაში რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია. ამ პერიოდში რეგიონში ჯამურად 1.9 მილიარდი ევროს ინვესტიცია განხორციელდა, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი კერძო სექტორის პროექტებზე მოდიოდა.

თომას კაირისი კავკასიაში EBRD-ის რეგიონული დირექტორის პოზიციაზე ალკის ვრიენიოს დრაკინოსს შეცვლის, რომელიც 2026 წლის სექტემბერში, ბანკში მრავალწლიანი საქმიანობის დასრულების შემდეგ, პენსიაზე გადის.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი დღეს ალკის ვრიენიოს დრაკინოსსა და თომას კაირისს შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა EBRD-ის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

უწყების ცნობით, მინისტრმა ბანკის წარმომადგენლებს ქვეყნის მიმდინარე მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და საშუალოვადიანი პროგნოზები გააცნო. საუბარი ასევე შეეხო რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ პროექტებს, მათ შორის შუა დერეფნის განვითარების ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ საგზაო, სარკინიგზო და საპორტო პროექტებს, ასევე შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტსა და მის საინვესტიციო მნიშვნელობას.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ლაშა ხუციშვილმა ალკის ვრიენიოს დრაკინოსს საქართველოში საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო თომას კაირისს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ EBRD-თან თანამშრომლობა ახალ ეტაპზეც აქტიურად გაგრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები