მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კავკასიური ინფრასტრუქტურის ტექნოლოგიამ“ ქუთაისში ახალი ფილიალი გახსნა - ინვესტიცია ₾1 მლნ

64229511efe21
ლიკა მეგუთნიშვილი
28.03.23 11:36
604
ქართულ–ავსტრიული სამშენებლო ლაბორატორია - „კავკასიური ინფრასტრუქტურის ტექნოლოგია“ ახლა უკვე ქუთაისშია. როგორც კომპანიაში ამბობენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ლაბორატორია, რომელიც ISO სტანდარტების შესაბამისად აკრედიტებული ლაბორატორიაა, დასავლეთ საქართველოში მიმდინარე პროექტებისა თუ მშენებლობების მომსახურებას უფრო სწრაფად და ადვილად ხელმისაწვდომი რესურსით შეძლებს.

„კავკასიური ინფრასტრუქტურის ტექნოლოგია“ სამშენებლო სამუშაოების როგორც ლაბორატორიულ, ასევე საზედამხედველო საქმიანობას ახორციელებს და მომსახურებას სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე ინფრასტრუქტურულ კომპანიებთან ერთად კერძო პირებსაც სთავაზობს.

„ქუთაისში ახალი ფილიალი 1 მილიონი ლარის ინვესტიციით გავხსენით. მნიშვნელოვანია, როგორც ის, რომ აქ ადგილობრივები დასაქმდებიან, ასევე ისიც, რომ სამშენებლო ხარისხის მოთხოვნისა თუ შემოწმების არეალი და მასშტაბი კიდევ უფრო გაიზრდება და ქუთაისში ჩვენი წარმომადგენლობით შევძლებთ, რომ უფრო მეტ ადამიანს მოვემსახუროთ“,- აცხადებს „კავკასიური ინფრასტრუქტურის ტექნოლოგიის“ ხელმძღვანელი, ტიტე ჯაშიაშვილი.

მისი თქმით, კავკასიური ინფრასტრუქტურის ტექნოლოგია ქართულ ბაზარზე უკვე 10 წელია ოპერირებს და ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის, გზებისა თუ ხიდების მშენებლობის საზედამხედველო პროცესი განახორციელა. აქვე ათსანიშნავია, რომ სამშენებლო ლაბორატორია შემოწმების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიას იყენებს და ევროპული ნორმებით გაწერილი სტანდარტების სრული დაცვით ხელმძღვანელობს.

„ჩვენ ვმუშაობთ ასფალტის, შეუზღუდავი მასალების, ცემენტით დამუშავებული ფენებისა და ბეტონის ხარისხის კონტროლზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, რადგან ამის შედეგად, ინფრასტრუქტურული პროექტები თუ შენობები ხარისხიანად შენდება და ისინი გაცილებით უსაფრთხოა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უახლესი ტექნოლოგიითა და თანამედროვე ევროპული დანადგარებით ვმუშაობთ. თითოეული ჩვენი სატესტო მანქანა იტალიიდან ან გერმანიიდანაა ჩამოტანილი. ვფიქრობ, ჩვენი ჩართულობით საქართველოში მშენებლობის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“,- აცხადებს Nievelt-ის გენერალური დირექტორი, მარტინ ბუხტა.

„კავკასიის ინფრასტრუქტურის ტექნოლოგია” ყოველი სამშენებლო სამუშაოს დასრულების შესაბამისი მიმართულებით დეტალურ ანალიზს აკეთებს და ლაბორატორიულ შედეგებს ტექნიკურ მოთხოვნებთან აჯამებს. გარდა ამისა, მშენებლობის პროცესში მომხმარებელს წინასწარ რეკომენდაციებსაც აძლევს, რაც მათ შესაძლო რისკების თავის არიდების შესაძლებლობას მისცემს, რომ პროექტები საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით განახორციელონ.

„როდესაც ჩვენ ამა თუ იმ სამშენებლო სამუშაოს ინსპექტირების პროცესს დავასრულებთ, ვამზადებთ ანგარიშს და ვწერთ დასკვნას, რამდენად აკმაყოფილებს სამშენებლო მასალები საერთაშორისო სტანდარტს და მშენებლობის პროცესში რამდენად რელევანტურია მათი გამოყენება. გარდა ამისა, მუდმივად გავცემთ რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა შესრულდეს პროექტები საერთაშორისო სტანდარტის სრული დაცვით. ჩვენი დანადგარები თანამედროვე, ციფრული და უახლესი პროგრამული უზრუნველყოფითაა აღჭურვილი, რომლებიც ზუსტი ანალიზის გაკეთებისა და შესაბამისი დასკვნების მომზადების შესაძლებლობას გვაძლევს“, - აცხადებს Nievelt-ის ფინანსური დირექტორი, ფარჰად აბდულაევი.

ქართულ-ავსტრიულ სამშენებლო ლაბორატორიას აკრედიტაცია 4 წლის ვადით ენიჭება და ამის შემდგომ, ყოველწლიურად ტარდება მონიტორინგი, თუ რამდენად მოქმედებს ლაბორატორია აკრედიტაციით განსაზღვრული სტანდარტის შესაბამისად, რამდენად სწორად უზრუნველყოფს გამზომი საშუალებების ყოველწლიურ მონიტორინგს. კომპანია ასევე ყოველწლიურად უზრუნველყოფს თანამშრომლების მუდმივ გადამზადების პროცესს. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ყველა ამ კომპონენტის გათვალისწინებით, ისინი მომხმარებელს საუკეთესო შედეგის მიღების მყარ გარანტიას აძლევენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები