„კავკასუს ონლაინის“ 49%-იანი წილის მფლობელი, აზერბაიჯანელი ბიზნესმენი და Neqsol Holding-ის დამფუძნებელი ნასიბ ჰასანოვი საქართველოს საერთაშორისო არბიტრაჟში ჩივილით ემუქრება, - ამის შესახებ GNCC სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტმა, ეკა ჭახრაკიამ კომისიის ონლაინ სხდომაზე განაცხადა.
„დღეს კომისიაში შემოვიდა კომპანია „დილაი ფაიფერის“ ბრიტანეთის ოფისის განცხადება, რომლითაც გვეცნობა, რომ მათი მარწმუნებელი არის კომპანია „ვეკო ინვესთმენთის“ ერთადერთი წილის მფლობელი, ნასიბ ჰასანოვი. ისინი იცავენ მის ინტერესებს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ და აფიქსირებენ პოზიციას, რომ აწარმოონ დავა საარბიტრაჟო სასამართლოში, საქართველოს წინააღმდეგ. წარმოდგენილია განცხადება, რომლითაც მიმართავენ პრემიერ-მინისტრს, დავის დაწყების შესახებ და ასევე, აფიქსირებენ თავისი მარწმუნებლის ნებას, რომ დავის თავიდან აცილების მიზნით ითხოვს შეხვედრას ქართულ მხარესთან“, - განაცხადა ჭახრაკიამ.
ამასთან, ჭახრაკიამ „კავკასუს ონლაინის“ მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებს გაუსვა ხაზი.
„ვლინდება, რომ „კავკასუს“ ონლაინი აგრძელებს საკომუნიკაციო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევას და ასევე კომისიის მიერ აქამდე მიღებული არაერთი გადაწყვეტილების დარღვევას. ბოლოს, 12 მარტს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, კომპანია დაჯარიმდა და მას 1 მაისამდე დაევალა აღედგინა წილობრივი მდგომარეობა. კერძოდ, „კავკასუს ონლაინის“ წილის მფლობელ კომპანიაში წილის მფლობელის, ხვიჩა მაქაცარიას წილის გასხვისებამდე არსებული ფიზიკური პირის, ნასიბ ჰასანოვის გასხვისებული წილის დაბრუნებასთან დაკავშირებით. ეს მას უნდა შეესრულებინა 1 მაისამდე და ამავე ვადაში უნდა წარმოედგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, რაც კომპანიამ არ შეასრულა, რის გამოც დაწყებული გვაქვს საქმის წარმოება“, - განაცხადა ეკა ჭახრაკიამ.
მისივე ინფორმაციით, კომპანიამ გაასაჩივრა კომისიის გადაწყვეტილება და ასევე, კომისიაში 28 აპრილს შევიდა „კავკასუს ონლაინის“ და „რკინიკზის ტელეკომის“ ერობლივი განცხადება შუამდგომლობის შესახებ, რომ კომისიამ მათთვის დაკისრებული ვალდებულების განხორციელების ვადა გადაავადოს საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან ორი თვის შემდეგ.
ჭახრაკიას თქმით, კომპანიები გადავადების საბაბად პანდემიას ასახელებენ და იმას, რომ შექმნილი ვითარების გამო დოკუმენტაციის დროულ მობილიზებას და მიწოდებას ვერ ახერხებენ.
შეგახსენებთ: მიმდინარე წლის 27 აპრილის ინფორმაციით, “კავკასუს ონლაინის” 49%-იანი წილი აზერბაიჯანელმა ბიზნესმენმა ნასიბ ჰასანოვმა იყიდა. კერძოდ, საქართველოს ტელეკომუნიკაციების ბაზარზე აზერბაიჯანული კომპანია Neqsol Holding-ი შემოვიდა. აღნიშნული ცვლილება საბითუმო ინტერნეტის ბაზრის უმსხვილესი მოთამაშის - "კავკასუს ონლაინის" მესაკუთრეთა რიგებში მომხდარ ცვლილებებს უკავშირდება. კერძოდ კი კომპანიის 49%-იანი წილის მესაკუთრე აზერბაიჯანელი ბიზნესმენი და Neqsol Holding-ის დამფუძნებელი ნასიბ ჰასანოვი გახდა, ამის შესახებ კი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში GNCC-ში "კავკასუს ონლაინის" შესახებ საქმის წარმოება მიმდინარეობდა, რაც კომპანიაში მესაკუთრეთა ცვლილების კომისიისთვის შეუტყობინებლობას უკავშირდებოდა. კანონმდებლობის მიხედვით, კომისიის თანხმობა იყო საჭირო იმისთვის, რათა მესაკუთრეთა რიგებში ამგვარი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელებულიყო. საბოლოოდ, 2020 წლის 12 მარტს GNCC-იმ "კავკასუს ონლაინის" 270,000 ლარით დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო.
მესაკუთრეთა ცვლილებამდე, "კავკასუს ონლაინის" 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია იყო. ამჟამად კი მისი წილი 51%-ს შეადგენს.
"კავკასუს ონლაინის" მთავარ აქტივს 1,200-კილომეტრიანი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი წარმოადგენს. აღნიშნული მაგისტრალი ქვეყნის გლობალურ ინტერნეტთან წვდომის ერთ-ერთი მთავარი არხია.
რამდენიმე წლის წინ "კავკასუს ონლაინმა" საკუთარი საცალო ქსელის "მაგთიზე" რეალიზება მოახდინა, თუმცა ის ინტერნეტის საბითუმო ბაზარზე კვლავ წამყვან მოთამაშედ რჩება.
Neqsol Holding-ის შესახებ:
Neqsol Holding-ი აზერბაიჯანული ენერგო და სატელეკომუნიკაციო ჰოლდინგია. მის შემადგენლობაში შედის ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი მობილური ოპერატორის - BakCell-ის აქტივების 100%-იანი წილი. კომპანიას აზერბაიჯანში 3 მილიონზე მეტი აბონენტი ჰყავს.
ბევრად დიდია Neqsol Holding-ის კიდევ ერთი სატელეკომუნიკაციო აქტივის მოცულობა, რომელიც უკრაინაში მდებარეობს. საუბარია Vodafone Ukraine-ზე, რომელსაც 20 მილიონი აბონენტი ჰყავს.
"კავკასუს ონლაინის" 2018 წლის აუდიტორული ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის აქტივები 149.6 მილიონ ლარს შეადგენდა. უცნობია რა თანხა გადაიხადა ახალმა მესაკუთრემ 49%-იანი წილის შეძენაში.
ამავე წელს კომპანიის საოპერაციო შემოსავალი 50 მილიონი ლარი, საოპერაციო მოგება კი 6.3 მილიონი ლარი იყო.