"კვლავაც გვჯერა, რომ საქართველოს მთავრობა ცდილობდა ანაკლიის პროექტისთვის ზიანის მიყენებას“, - ამის შესახებ ნათქვამია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” (ADC) მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც კონფიდენციალურობის მიზეზით, გადაწყვეტილების დეტალებზე საუბარი არაა და მხოლოდ ის არის აღნიშნული, რომ საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, კომპანიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
შეგახსენებთ: საქართველოს მთავრობამ 2020 წლის იანვარში ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულება ცალმხრივად გაწყვიტა, რასაც ინვესტორთა მხრიდან საარბიტრაჟო დავის დაწყება მოჰყვა. არბიტრაჟის დავის საგანი $1.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
„არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია - ჩვენ კვლავაც გვჯერა, რომ საქართველოს მთავრობა მოქმედებდა არასწორად, საქართველოს მოქალაქეების ინტერესების საზიანოდ, როდესაც ცდილობდა ანაკლიის პორტის პროექტისთვის ზიანის მიყენებას, რამაც შედეგად გამოიწვია პორტის პროექტის თითქმის ათწლეულით დაყოვნება, ათასობით სამუშაო ადგილისა და შემოსავლების დაკარგვა საქართველოსთვის“, - წერია განცხადებაში.
კონსორციუმის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ADC-მ და მისმა ინვესტორებმა საქართველოსთვის სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, როდესაც პროექტის განხორციელების ვალდებულება აიღეს და ამისთვის, ყველა შესაძლო გზას მიმართეს. მათ პროექტში დაახლოებით 80 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება მოახდინეს.
„ADC-ს კვლავ მიაჩნია, რომ მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობას, დამხმარე როლი უნდა შეესრულებინა და ძირი არ გამოეთხარა პროექტის წარმატებით დასრულებისკენ მიმართული ჩვენი ძალისხმევისთვის. მეორე მხრივ, უაღრესად მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რომელიც უკავშირდება მის დასავლურ მომავალს. აღნიშნულ პროცესში, ანაკლიის პორტის აშენება და ამუშავება მოემსახურებოდა ქვეყნის დასავლეთთან და არა რუსეთთან ან ჩინეთთან ინტეგრაციას.
ჩვენ წამოვიწყეთ საარბიტრაჟო საქმე, ვინაიდან ჩვენ გვქონდა ფიდუციური ვალდებულება, დაგვეცვა ჩვენი ინვესტორების ფინანსური ინტერესები. მიუხედავად ამისა, ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო ის, რომ მიგვეღწია ამ პროექტის წარმატებისთვის. ამ მიზნის მისაღწევად, დიდი ძალისხმევა გავიღეთ და ვმუშაობდით საქართველოს მთავრობასთან საარბიტრაჟო სარჩელის შეტანის შემდეგაც კი, რომ გამოსავალი მოგვეძებნა პროექტის გასაგრძელებლად.ყოველი ასეთი მცდელობა დაბრკოლებული ან უგულებელყოფილი იქნა მთავრობის მხრიდან, რამაც შედეგად ანაკლიის პორტის განვითარების დაყოვნება გამოიწვია. თუმცაღა, ჩვენ არ ვკარგავთ ოპტიმიზმს, რომ ანაკლიის პორტი განვითარდება ისე, როგორც ეს თავდაპირველად იყო გათვალისწინებული, საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ", - ნათქვამია განცხადებაში.
პრეისტორია:
ADC-ის აქციონერები არიან: „თიბისი ეიჩ ანაკლია“ (საქართველო), Van Oord PPP International (ნიდერლანდები), ბრიტანული Wondernet Express, რომელიც საქმიანობს ცენტრალური აზიის ქვეყნებში, შპს G-Star (ბულგარეთი) და „Conti International“ (აშშ).
2020 წლის ივლისში ADC-მა შეიტანა საარბიტრაჟო სარჩელი საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში, რომლითაც მოითხოვა საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის იანვარში საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტით მიყენებული ზიანის და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში განხორციელებული ინვესტიციის ღირებულების ანაზღაურება. ხელშეკრულებით ADC-ის მინიჭებული ჰქონდა ანაკლიის პორტის განვითარების უფლება. ხელშეკრულების შეწყვეტას წინ უძღოდა ძლიერი, პოლიტიკურად მოტივირებული კამპანია, რათა ძირი გამოეთხარათ ADC-ის და მისი ინვესტორებისთვის და წინ აღდგომოდნენ ADC-ის ძალისხმევას, განევითარებინა პროექტი საინვესტიციო ხელშეკრულების შესაბამისად.
ბატონმა ბობ მეიერმა, ჰოლანდიელმა ინვესტორმა, ცალკე საარბიტრაჟო სარჩელით მიმართა საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრს (ICSID) საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, საქართველოს-ნიდერლანდების ინვესტიციების დაცვის ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთარი უფლებების დასაცავად. აღნიშნული დავა კვლავ მიმდინარეობს და არ დასრულებულა.