მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კავკასუს ონლაინის” სპეციალური მმართველის საქმიანობის ანგარიში 15 დღეში გამოქვეყნდება

605c9aa97f420
სალომე მეცხვარიშვილი
25.03.21 18:41
812
“კავკასუს ონლაინის” სპეციალური მმართველის საქმიანობის ანგარიში 15 დღეში გამოქვეყნდება - შესაბამისი გადაწყვეტილება კომუნიკაციების კომისიის სხდომაზე მიიღეს, სადაც კომპანიის სპეციალურ მენეჯერს მარიამ სულაბერიძეს “კავკასუს ონლაინში” 5-თვიანი საქმიანობის ანგარიში უნდა წარედგინა.

მარიამ სულაბერიძე ითხოვდა, “კავკასუს ონლაინში” საქმიანობის სრული ანგარიში კომერციულ საიდუმლოდ გამოცხადებულიყო და სრულად დახურულიყო სხდომა, თუმცა კომისიამ მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და ანგარიშის ნაწილი ცნო საიდუმლოდ, რომელიც უშუალოდ ეხებოდა “კავკასუს ონლაინის” ბიზნეს საქმიანობას და შესაძლებელი იყო არაკონკურენტულ მდგომარეობაში ჩაეყენებინა კომპანია.

კომუნიკაციების კომისიის სხდომა დახურულ რეჟიმში გაგრძელდა. სხდომაზე აღინიშნა, რომ ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც ღიაა, 15 დღეში გამოქვეყნდება.

“კავკასუს ონლაინში” სპეციალური მმართველი კომუნიკაციების კომისიამ გასული წლის ოქტომბერში დანიშნა, რათა მას საწყის მდგომარეობაში დაებრუნებინა “კავკასუს ონლაინის” გასხვისებული წილები, რომელიც “ნექსოლ ჰოლდინგმა” იყიდა, აღნიშნული ტრანზაქცია კი კომუნიკაციების კომისიასთან არ შეთანხმდა.

მარეგულირებელი წილების გასხვისებას არაკანონიერს უწოდებს და მის შებრუნებას ითხოვს. აქამდე კახა ბექაურის უწყება “ნექსოლ ჰოლდინგს” “კავკასუს ონლაინის” 49%-იანი წილის დაბრუნებას სთხოვდა, გუშინ კი განაცხადა, რომ “ნექსოლმა” “კავკასუსში” დარჩენილი - 51%-იანი წილიც გადაიფორმა.

სპეციალური მმართველი კომპანიაში 5 თვის განმავლობაში საქმიანობდა, თუმცა, გაყიდული წილების საწყის მდგომარეობაში დაბრუნება ვერ შეძლო. სპეციალური მმართველის დანიშვნა გასაჩივრდა სასამართლოში, რომელმაც მისთვის უფლებამოსილების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო იქამდე, სანამ სასამართლო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები