კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე საოჯახო მეღვინეობა „კავთა ვაინსი“ ტურისტული მიმართულებით განვითარებას იწყებს. მეღვინეობის თანადამფუძნებელი ნატა გზირიშვილი BM.GE-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ წლევანდელი სტრატეგია ადგილზე, მარანში ღვინის გაყიდვასა და ტურისტების მიღებაზე გადართვაა.
მისი ინფორმაციით, ბაზრის კვლევამ და ლოკაციის პოტენციალმა აჩვენა, რომ მარნისთვის უფრო ეფექტიანი პირდაპირ ადგილზე რეალიზაცია იქნება: „ჩვენი სტრატეგიაა, რომ ადგილიდან ღვინის გაყიდვაზე გადავერთოთ. ამ მხრივ გაგვიმართლა, რადგან ჩვენი სოფელი ტურისტულად პოტენციურად საინტერესო ადგილზეა, ამასთან, სტუმრებს ჩვენივე სივრცეში ვუმასპინძლოთ“.
მცირე ბიზნესის მფლობელი აღნიშნავს, რომ პროექტში, რომლის განხორციელებაც მაისის ბოლოდან დაიწყება, დაახლოებით 100-150 ათასი ლარის ინვესტიცია უნდა ჩაიდოს. იგეგმება 1960 წელს აშენებული ძველი ქვის სახლის რეკონსტრუქცია, რომელიც მეღვინეობის ისტორიული იერსახის შენარჩუნებას და თანამედროვე ელემენტების ინტეგრაციას მოიცავს. მეღვინეობის თანადამფუძნებელი ამბობს, რომ ახალ სივრცეში სტუმრებს დეგუსტაციასთან ერთად გასტრონომიული გამოცდილებაც ელოდებათ, რაც წინასწარ შეთანხმებული ფორმატით განხორციელდება.
„ვაპირებთ, შევძლოთ ტურისტების ადგილზე მასპინძლობა, ჩვენი კუთხის და ღვინოების გაცნობა. ასევე, დავამატებთ ღვინისა და ქართული კერძების შეხამებას. მომსახურება ორ კატეგორიად დაიყოფა - ერთ შემთხვევაში სტუმრებს მეღვინეობის ისტორიას გავაცნობთ და მცირე დეგუსტაციას შევთავაზებთ, მეორე შემთხვევაში კი სრული სადილის ან ვახშმის ფორმატში, კონკრეტულ ღვინოებთან შეხამებული კერძებით ვუმასპინძლებთ", - თქვა მან.
მისივე განმარტებით, ობიექტი ერთდროულად მაქსიმუმ 25 სტუმრის მიღებას შეძლებს - ვიზიტები წინასწარი შეთანხმებით დაიგეგმება, მათ შორის ჯგუფის ზომის, წარმომავლობისა და სასურველი სერვისის მიხედვით. მეღვინის თქმით, მეღვინეობა სტუმრების მიღებას სავარაუდოდ 2027 წლის გაზაფხულიდან დაიწყებს, თუმცა 2026 წელს სატესტო რეჟიმში იმუშავებს. „უკვე გვქონდა კომუნიკაცია რამდენიმე გიდთან და ტურისტულ კომპანიასთან, რაც დამატებითი მოტივაცია გახდა, რომ მსგავსი სივრცე სწრაფად შეგვექმნა, ვინაიდან როგორც ისინი ამბობენ, რეგიონს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, ამასთან ღვინო, რომელიც მაღალი ხარისხისაა ჩვენი ობიექტის მიმართ ინტერესს ზრდის“, - ამბობს გზირიშვილი.
„კავთა ვაინსი“ ორი წლის წინ შექმნილი საოჯახო მეღვინეობაა, რომლის უკან ნატა გზირიშვილისა და ბაჩო ახვლედიანის მრავალწლიანი გამოცდილება დგას. იდეა სწორედ პროფესიულმა პრაქტიკამ წარმოშვა - ბაჩო ახვლედიანი წლების განმავლობაში მუშაობდა როგორც მცირე მარნებში, ისე მსხვილ კომპანიებში, რაც საბოლოოდ საკუთარი საქმის დაწყების საფუძველი გახდა.
წყვილმა მეღვინეობის განვითარება საკუთარ კუთხეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში გადაწყვიტა. 2024 წელს მათ მცირე მარანი ააშენეს და უკვე იმავე წელს პირველი მოსავალიც მიიღეს. პროექტის სრულად ამუშავებისთვის ჯამში 200 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, რომელიც საბანკო სესხისა და სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტის კომბინაციას მოიცავდა.




























