მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კალაძე: თბილისის ტრანსპორტის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დავიწყეთ

5d8b189672c00
ლიკა გურაბანიძე
25.09.19 11:38
1592
თბილისის 15-წლიანი ურბანული მობილობის გეგმაზე მუშაობა დაიწყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მერი აღნიშნავს, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მსოფლიოში წამყვანმა დანიურმა კომპანიამ „რამბოლმა“ გაიმარჯვა.

„უცხოელ ექსპერტებთან ერთად ჩვენ მდგრადი ურბანული მობილობის გეგმაზე მუშაობა დავიწყეთ, რომელიც ქალაქის მთავარი სატრანსპორტო დოკუმენტი იქნება ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ტრანსპორტის გენერალური გეგმა, რომელზეც მუშაობა დავიწყეთ. ამ დოკუმენტის შემუშავებისათვის მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში  მსოფლიოში წამყვანმა დანიურმა კომპანიამ „რამბოლმა“ გაიმარჯვა, რომელიც ამ დოკუმენტზე  დედაქალაქის მერიის სამსახურების ჩართულობით იმუშავებს. ტენდერი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა. ურბანული მობილობის გეგმა ანუ ტრანსპორტის გენერალური გეგმა 15-წლიანი დროში გაწერილი დოკუმენტი იქნება, რომელიც ტრანსპორტის განვითარების ყველა ასპექტს დეტალურად განსაზღვრავს.  

დოკუმენტი ხელს შეუწყობს დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვას და ტრანსპორტისთვის სწორი მოძრაობა შემუშავდება", -  აღნიშნა კალაძემ.

მერის განცხადებით, დოკუმენტის მიხედვით, მათ შორის განისაზღვრება: საზოგადოებრივი და კერძო ტრანსპორტის, დისტრიბუციის ავტომობილების და ველოსიპედების, ასევე ქვეითთა გადაადგილება. ამ დოკუმენტის საფუძველზე შესაძლებელი გახდება თბილისის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გეგმაზომიერი სტანდარტებისა და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად განვითარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები