მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კალაძე თბილისში საპრივატიზაციო გეგმის შესრულებას ითხოვს

5fa2624da6620
ინგა მურუსიძე
04.11.20 12:38
983
დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებს, განსაკუთრებით კი ქონების მართვის სამსახურს სთხოვს, მოიძიოს ყველა შესაძლებლობა, რათა საპრივატიზაციო გეგმა შესრულდეს და ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში არსებული დანაკლისი დაბალანსდეს.

თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე პრიორიტეტულ მიმართულებებზეც ისაუბრა.

„ჩვენ მომდევნო წლების განმავლობაშიც გავაგრძელებთ მუშაობას ყველა მიმართულებით, როგორც ინფრასტრუქტურული სამუშაოების, ისე სატრანსპორტო პოლიტიკის, ეკოლოგიური მდგომარეობის მიმართულებით; გარდა ამისა, გაგრძელდება იმ ოჯახების დახმარება, ვისაც ყველაზე მეტად ჭირდება გვერდში დგომა - მაქსიმალურად შეეწყობა ხელი ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განხორციელებას. ამ ყველაფერს კი, რა თქმა უნდა, სჭირდება რესურსები. მინდა, ვიცე-მერს ვკითხო, რა მდგომარეობაა ბიუჯეტთან დაკავშირებით, როგორც ხარჯვით, ისე შემოსავლების ნაწილში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თავის მხრივ, ვიცე-მერმა აღნიშნა, რომ პანდემიის პირობებში, დაბალი ეკონომიკური აქტივობის გამო, საგადასახადო ნაწილში შემოსავლები მნიშვნელოვნადაა შემცირებული და მუნიციპალიტეტს, სავარაუდოდ, საპრივატიზაციო გეგმის გაზრდა და საპრივატიზაციო აქტივის მეტად მობილიზება მოუწევს.

„ხარჯვითი ნაწილი ეფექტურად მიმდინარეობს. მივყვებით იმ გეგმას, რომელიც დამტკიცებულია, მაგრამ საშემოსავლო ნაწილში გვაქვს პრობლემები, პანდემიის გამო, დაბალი ეკონომიკური აქტივობის გამო საგადასახადო ნაწილში შემოსავლები მნიშვნელოვნადაა შემცირებული. თქვენი დავალებით, პრივატიზაციის მიმართულებას საკმაოდ ეფექტურად ვამუშავებთ, გეგმას ვასრულებთ, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, სავარაუდოდ, მოგვიწევს საპრივატიზაციო გეგმის გაზრდა და საპრივატიზაციო აქტივის კიდევ უფრო მეტად მობილიზება იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტმა სრულად უპასუხოს წლევანდელ ფინანსურ გამოწვევებს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მერმა ყველა საქალაქო სამსახურს, განსაკუთრებით კი ქონების მართვის სამსახურს სთხოვა, მოიძიოს ყველა შესაძლებლობა, რათა საპრივატიზაციო გეგმა შესრულდეს და მაქსიმალურად დაბალანსდეს ის დანაკლისი, რაც ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილშია.

„ეს ყველაფერი აისახება ქალაქზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, იმ პროგრამებზე, რაც გვაქვს სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით, ამიტომ მაქსიმალური მუშაობა გვმართებს, რათა შემოსავლები როგორმე გავზარდოთ, იმისთვის, რომ დავეხმაროთ ქალაქს და იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად ჭირდება მუნიციპალიტეტის და ხელისუფლების თანადგომა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები