საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომპანია Keepz-ს საგადახდო სისტემის ოპერატორის ლიცენზია მიანიჭა. აქამდე ბაზარზე მხოლოდ ორი ასეთი ოპერატორი არსებობდა, რომლებიც სისტემური ბანკების მფლობელობაშია.
მოპოვებული ლიცენზია Keepz-ს შესაძლებლობას აძლევს, მართოს ეროვნული საგადახდო სისტემა, რომელიც აერთიანებს კომერციულ ბანკებსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს. სისტემის ფარგლებში, მონაწილე ბანკების მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ ლარში, აშშ დოლარსა და ევროში ტრანზაქციები მყისიერად, 24/7 რეჟიმში განახორციელონ, რის შედეგადაც თანხა ადრესატს წამებში ჩაერიცხება, მათ შორის არასამუშაო საათებში, შაბათ-კვირასა და უქმე დღეებში.
კომპანიის შეფასებით, აღნიშნული ნაბიჯი ასახავს საქართველოში თანამედროვე, სწრაფ და საიმედო საგადახდო სერვისებზე მზარდ მოთხოვნას. Keepz-ის მიზანია, მოპოვებული ლიცენზიის მეშვეობით, წვლილი შეიტანოს ქვეყნის საგადახდო ეკოსისტემის შემდგომ განვითარებაში და მომხმარებლებს შესთავაზოს უფრო მოქნილი და ხელმისაწვდომი სერვისები.
„თანამედროვე სამყაროში თანხის გადარიცხვა უნდა იყოს ისეთივე სწრაფი, მარტივი და იაფი, როგორც SMS-ის გაგზავნა. სწორედ ამ პრინციპზეა დაფუძნებული Keepz-ის საგადახდო სისტემა“, – აცხადებენ კომპანიაში.
კომერციულ ბანკებს, საგადახდო მომსახურების პროვაიდერებსა და ფინტექ კომპანიებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თანამშრომლობით ან სისტემაში ჩართვით, დამატებითი ინფორმაციის მიღება Keepz.me-ის გუნდთან შეუძლიათ.
რაც შეეხება მომხმარებლებს, სერვისით სარგებლობისთვის მათ საკუთარი ბანკის მობილურ აპლიკაციაში შეუძლიათ მოძებნონ „24/7-ზე გადარიცხვის“ ღილაკი.



























