როგორც 20 ნოემბრის მთავრობის სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი, ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის მინისტრს სამშენებლო ამნისტიის პროექტზე მუშაობა დაავალა, რომელიც ფიზიკურ პირთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე აშენებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს შეეხება.
ამ საკითხზე დღეს თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისში ამნისტიის კანონი არ გავრცელდება, რადგან აქ მსგავსი მასშტაბის ამნისტია უკვე განხორციელდა.
“დარწმუნებული ვარ, ამ კანონის მიღებას ბევრი ადამიანი ელოდება. ამით ჩვენს ათასობით თანამოქალაქეს მიეცემა შესაძლებლობა, რომ მათი საკუთრება გახდეს სამართლებრივი თვალსაზრისით სრულფასოვანი და უფლებრივად უნაკლო.
მინდა აღვნიშნო, რომ ეს ინიციატივა არ ეხება დედაქალაქს იქიდან გამომდინარე, რომ აქ მასშტაბური ამნისტია უკვე განხორციელდა. ჩვენი მიმართვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა 2021 წელს მიიღო კანონი, რომლის საფუძველზე, შესაძლებელი გახდა ისეთი შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღება, რომლებიც უკანონოდ იყო აშენებული. კერძოდ, დედაქალაქის შემთხვევაში, დარღვეული იყო სხვადასხვა პარამეტრები, K1, K2, K3, ავტოსადგომების რაოდენობა, სიმაღლის რეგულირების ხაზები და ა.შ.” - აცხადებს კახა კალაძე.
დედაქალაქის მერის განმარტებით, ამ უფლების გამოყენება თბილისის მოსახლეობას ორი წლის განმავლობაში, მიმდინარე წლის 27 ივლისამდე შეეძლოთ. მისივე თქმით, ამნისტია უკვე შეეხო 500-ზე მეტ ობიექტს.
“ამ ხნის განმავლობაში, მერიაში ასობით განაცხადი შემოვიდა. საბოლოოდ, 500-ზე მეტი ობიექტი უკვე მიღებულია ექსპლუატაციაში და წარმოადგენს უსაფრთხო და უფლებრივად უნაკლო ობიექტს, ხოლო მიმდინარე პერიოდისთვის ჯერ კიდევ განიხილება 600-ზე მეტი განაცხადი, რაც გულისხმობს, რომ ეს ობიექტებიც შესაძლებელია კანონიერი გახდეს და ექსპლუატაციაში მივიღოთ”, - ამბობს კახა კალაძე.
მთავრობის სხდომაზე ამნისტიის საკითხზე მსჯელობისას ხაზი გაესვა, რომ ამ გადაწყვეტილებით, ერთი მხრივ, მომავალში აღმოიფხვრება უკანონო სახლების მშენებლობის პრაქტიკა, მეორე მხრივ, მოქალაქეები, რომელთაც აქვთ ინდივიდუალური სახლები სოფლად ან ქალაქად, რომლებზედაც არ გაცემულა სამშენებლო დოკუმენტაცია, აღარ იქნებიან ვალდებულნი, გაიარონ ლეგალიზაციის რთული და ხარჯიანი პროცედურა.