მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კერძო სექტორთან შეუთანხმებლად გადაწყვეტილებების მიღებას წერტილი უნდა დაესვას - ჰოტელიერი

ლევან დავითაშვილი

ჰოტელიერ შალვა ალავერდაშვილის განცხადებით, საქართველოში წერტილი უნდა დაესვას კერძო სექტორთან შეუთანხმებლად გადაწყვეტილებების მიღებას. ასე უპასუხა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამის კითხვას.

7 სასტუმროს მმართველის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ 28 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება უკვე ნეგატიურად აისახა სექტორზე.

"იმედია, ეკონომიკის სამინისტრო წელსვე შეგვხვდება... უკვე საკმაოდ დიდი კრიზისია ტურიზმში" - ინტერვიუ

შალვა ალავერდაშვილი იმედს იტოვებს, რომ ეკონომიკის სამინისტროს გუნდი დროს გამონახავს და მიმდინარე წელს შეხვდება ტურიზმის ინდუსტრიას, რომელიც ძალიან ბევრ, ერთმანეთთან დაკავშირებულ სექტორს აერთიანებს.

მისივე თქმით, ინდუსტრია არ აპირებს, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს კრიზისიდან გამოსვლის გეგმა შესთავაზოს, რადგან გამოცდილებამ აჩვენა, რომ სამინისტრო ტურიზმის ბიზნესს „კულტურული უარით“ ისტუმრებდა.

"იმ განცხადებების მერე, რასაც ვისმენთ, გვგონია და გვინდა, გვჯეროდეს, რომ ძალიან მალე, უახლოეს დღეებში ანუ წელსვე მოხდება შეხვედრა და ჩვენი პრობლემების განხილვა. 15 დეკემბერს ძალიან ბევრმა მცირე ზომის რესტორანმა და სასტუმრომ დღგ-ის გადახდაც ვერ შეძლო. რა მოხდება მერე?! როცა დენი შეიძლება ჩამოჭრან თუ ვერ გადავიხდი კომუნალურ გადასახადებს, რა არჩევანი უნდა გავაკეთო - საით უნდა გავუშვა მცირე სახსრები, რასაც ახალ წელს მივიღებ?! ჩემი პირველი საზრუნავია, ჯერ კომუნალურები გადავიხადო და მერე რაღაც იქნება... ახლა ამ მდგომარეობაში ვართ, ახლა ყოველდღიურობაზე ვართ გადასული. იცით, ეს რას ნიშნავს? - მოდი, დღეს ეს გავაკეთოთ. ხვალ? - ხვალ ვნახოთ, რა იქნება. ამდენად, ვფიქრობ, ამ ვითარებაში, [სამინისტროსთვის] ჩვენი მიმართვა არ უნდა იყოს საჭირო და ერთად უნდა ვიმსჯელოთ სიტუაციიდან გამოსავალზე, თუმცა ჯერ არავის დაურეკავს“, - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

ჰოტელიერის განცხადებით, 2019 წლის „გავრილოვის ღამის“ შემდეგ, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრია მუდმივად პრობლემების და გამოწვევების წინაშეა, რაც სასტუმრო ბიზნესის საინვესტიციო მიმზიდველობას ამცირებს.

„ბოლო 6 თვეში 9 სასტუმრომ მიმართულება შეიცვალა. ზოგიერთი სასტუმრო კამპუსად გადაკეთდა, ზოგი - ოფისად, ზოგიც - საავადმყოფოდ და სარეაბილიტაციო ცენტრად. ძირითადად, ყველა თბილისში იყო. სასტუმროებში ჩადებული ინვესტიციების ამოღებას 20-25 წლამდე სჭირდება, რაც ინვესტირებისთვის არასასურველი პერიოდია. სასტუმროების მიერ პროფილის შეცვლაც იმის მანიშნებელია, რომ მფლობელები ცდილობენ, სხვა ბიზნესები გააკეთონ სასტუმროს მიზნობრიობით აშენებული ობიექტებში. ეს არის დღევანდელი მოცემულობა“, - აღნიშნა შალვა ალავერდაშვილმა.

ზოგიერთი ოფისად გადაკეთდა, ზოგიც - საავადმყოფოდ... 6 თვეში 9 სასტუმრომ შეიცვალა პროფილი - ჰოტელიერი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები