მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კერძო სკოლები ავტორიზაციის გადავადებას ითხოვენ

61e923b089296
თათია ჩაფიჩაძე
20.01.22 14:47
1637
covid-პანდემიის გამო გაუარესებული ფინანსური მაჩვენებლების მიზეზით, კერძო სკოლები ავტორიზაციის გადავადებას ითხოვენ. სექტორის წარმომადგენლებმა ამ თხოვნით პრემიერ-მინისტრს, ბიზნესომბუდსმენის აპარატს და განათლების სამინისტროს არაერთხელ მიმართეს, თუმცა ბიზნესისთვის სასურველი გადაწყვეტილება უწყებას ამ დრომდე არ მიუღია.

საქმე ის არის, რომ "ზოგადი განათლების კანონში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული საქართველოს კანონპროექტის თანახმად საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესი ახალი სტანდარტის მიხედვით 2020-2021 სასწავლო წლის ნაცვლად 2026-2027 წლამდე დასრულდება, თუმცა ავტორიზაციის გადავადება კერძო სკოლებს არ ეხება.

კერძო სკოლების გაერთიანებაში ამბობენ, რომ სახეზეა არათანაბარი დამოკიდებულება საჯარო და კერძო სკოლებს შორის, რაც 2022 წელს მათ ზომას შეამცირებს.

“პირველი მოთხოვნა ეხება პანდემიიდან გამომდინარე შემცირებული შემოსავლის გამო ავტორიზაციის გადადებას; ავტორიზაცია წარმოადგენს ხარჯიან პროცესს, მხოლოდ გადასახადი 10-დან 15 ათას ლარამდეა, გააჩნია რა კრიტერიუმები აქვს სკოლას, ეს არის მასწავლებელთა და მოსწავლეთა რაოდენობა, ფართის რაოდენობა და ა.შ. ავტორიზაციის გავლის წინააღმდეგები არ ვართ, უბრალოდ, ფინანსური ნაწილის გამო, ამ თანხას ერთიანად დღეს ვერ გადავიხდით.

ჩვენ გაგზავნილი გვქონდა წერილი პარლამენტის განათლების კომიტეტში რეაგირებისთვის, რომელიც გადაიგზავნა სამინისტროში, მერე ხარისხის განვითარების ცენტრში, რომლის წარმომადგენლებიც შეგვხვდნენ და შევთანხმდით, რომ ძველი სტანდარტით გავივლიდით ავტორიზაციას ანუ დამატებითი მოთხოვნების შესრულება ამ ეტაპზე მოგვეხსნა, თუმცა მხოლოდ ფინანსების ნაწილის გამო, ბევრი ამას ვერ გაივლის. პირობებში დამატებით მოთხოვნილი იყო მაგალითად ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების მოწესრიგება, როცა არცერთ საჯარო სკოლას თითქმის არ აქვს მოთხოვნა შესრულებული, არ ვართ წინააღმდეგები შესრულებაზე, უბრალოდ ერთნაირი უნდა იყოს საჯაროსთვისაც და კერძოსთვისაც, მითუფრო როცა კერძო სკოლებში მოსწავლეთა მხოლოდ 9.9% სწავლობს.

სამწუხაროდ, გაყოფაზე შეთანხმება არაა მიღწეული, ეს პროცესი უნდა დასრულდეს ახალ სასწავლო წლამდე. 223 კერძო სკოლიდან, რომელიც ქვეყანაშია რეგისტრირებული, 114 თბილისშია, დანარჩენი 50% დანარჩენ საქართველოში და თუ შემცირდება ისევ რეგიონებში, ცხადია, ცუდი შედეგის მომტანი იქნება", - აცხადებს სკოლის ლიდერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ელზა ბადაშვილი.

ამასთან, ასოციაციაში ამბობენ, რომ პანდემიის გამო მცირე და საშუალობიუჯეტიან სკოლებში მოსწავლეთა გადინების მაჩვენებელი, დაახლოებით, 30-40%-ის ფარგლებში მერყეობს. მათივე განცხადებით, დაგროვილია დავალიანებებიც, რაც სკოლების შემოსავლებს მნიშვნელოვნად ამცირებს.

„ავტორიზაცია მხოლოდ ერთ-ერთი პრობლემაა, ამის გარდა, ძალიან ბევრი პრობლემა აქვს კერძო სკოლებს. ახალი ზუსტი სტატისტიკა ჯერ არ გვაქვს, თუმცა შიდა ინფორმაციაზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ, რომ მოსწავლეების გადინების მაჩვენებელი, დაახლოებით, 30-40%-მდეა. ამასთან ერთად, არიან მშობლები, რომლებსაც არ უნდათ გადასვლა და დავალიანებები უგროვდებათ. ყველაზე მეტად ზუსტად ამ ფენას გაუჭირდა - ვინც საშუალო სეგმენტის სკოლებში დადიოდა.

ჩვენ ვერ ვხედავთ სახელმწიფოს მხრიდან მიდგომას, რომ შეინარჩუნონ მათ შორის რეგიონებში, ამ ტიპის კერძო სკოლები. აქ მოვიაზრებ, მაგალითად, ვაუჩერულ დაფინანსებას, თუ თქვენი შვილი კერძო სკოლაში შედის, მისი ვაუჩერი 300 ლარია, თუ საჯაროში - 600 ან შეიძლება 900 იყოს, ვფიქრობთ, ეს დისკრიმინაციულია; თუ სისტემა ვაუჩერულია, მოსწავლემ უნდა აიღოს და სადაც უნდა, იქ წაიღოს. იგივე ეხება მასწავლებლებისადმი მოთხოვნებს", - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში ელზა ბადაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები