მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კერძო სკოლების 29%-ში გადასახადი წლიურად 1000-3500 ლარია - კვლევა

სკოლა უნივერსიტეტი გამოცდა

ქვეყანაში 210 კერძო სკოლიდან თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში 145 სკოლა ფუნქციონირებს, ხოლო 68 104 მოსწავლიდან 56 628, ანუ კერძო სკოლების მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 83%, სწორედ ამ დიდ ქალაქებში სწავლობს. აღნიშნული ინფორმაცია სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის მიერ მომზადებულ კვლევაშია.

კვლევის მიხედვით, კერძო სკოლებში სწავლის საფასური ქვეყნის მასშტაბით მკვეთრად განსხვავებულია. კერძო სკოლების თითქმის 50%-ში (104 სკოლა), სწავლის საფასური >3500. რაც შეეხება ზედა ზღვარს, ის 31 000 ლარზე მეტია. ამავდროულად, სკოლების 5%-ში სწავლის გადასახადი წლიურად 100-დან 500 ლარამდე შუალედში მერყეობს. 6%-ზე მეტი დამატებითი სასწავლო გადასახადის გარეშე ფუნქციონირებს. სკოლების რაოდენობა, სადაც სწავლის გადასახადი 1000-დან 3500 ლარამდეა, 58-ია (28.8%);

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის პროექტების მენეჯერი ნათია გორგაძე ამბობს, რომ თბილისში კერძო სკოლების ძირითად ნაწილში სწავლის საფასური ძალიან მაღალია, თუმცა ეს მშობლებისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორი არ არის, რადგან კერძო სკოლების მოსწავლეების უმეტესობა სწორედ ამ სკოლებში სწავლობს. მისი თქმით, იმ სკოლებში, სადაც სწავლის საფასური 3000 ლარზე ნაკლებია, კერძო სკოლის მოსწავლეების მხოლოდ 18% სწავლობს.

“სკოლების 30%-ია მხოლოდ, სადაც სწავლის საფასური 3000 ლარზე ნაკლებია. აქ შედის ის კერძო სკოლები, სადაც სწავლის საფასური საერთოდ არ არის გადასახდელი, დაახლოებით 5%-ია ასეთი სკოლა. 4%-ზე ცოტა მეტია, სადაც სწავლის საფასური მიზერულია. სკოლების 30%-ში კი მოსწავლეთა პოპულაციის 18%-ია გადანაწილებული, ეს სკოლები კი უმრავლესად რეგიონებში არსებობს. რაც შეეხება თბილისს, აქ დაახლოებით სკოლების 22%-ია, სადაც გადასახადი 5000-7500 ლარამდეა და შემდეგ უკვე 37% სკოლებისა გადასახადი ზევით და ზევით მიდის. გვაქვს სკოლები, სადაც წლიური გადასახადი 31 000 ლარზე მეტია. თბილისში არის სკოლები, სადაც სწავლის საფასური ძალიან მაღალია, მაგრამ მიუხედავად ამისა ამ სკოლებში კერძო სკოლების პოპულაციის უმეტესი წილი სწავლობს”, - ამბობს სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის პროექტების მენეჯერი, ნათია გორგაძე.

აღსანიშნავია, რომ კვლევის თანახმად, საქართველოში არის სკოლები, რომელთა შემოსავალი ₾5 მლნ-ზე მეტია და ზოგიერთ შემთხვევაში 20 მლნ-ს აჭარბებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები