"მწვანე სკოლის" დამფუძნებელი, ბაკურ სულაკაური რეგიონებში კერძო სკოლების განვითარებაზე საუბრისას ორ გამოწვევას გამოყოფს. ის აღნიშნავს, რომ მაგალითად ბათუმში შენობა იმდენად ძვირია, რომ ინვესტიციას აზრი ეკარგება. ამის შესახებ ბაკურ სულაკაურმა BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ ისაუბრა.
მისივე ცნობით, გარდა ინფრასტრუქტურის სიძვირისა, პრობლემაა მოთხოვნა, რომელიც იმხელა არ არის, რომ რეგიონში ინვესტირებას აზრი ჰქონდეს.
„რეგიონებში კერძო სკოლების განუვითარებლობის ორი მიზეზი არსებობს. ერთის მხრივ, იქ არ არის იმხელა მოთხოვნა, რომ ინვესტიციას აზრი ჰქონდეს. თუმცა, მოთხოვნა იზრდება და ალბათ, 1-2 წელიწადში დიდ ქალაქებში უკვე შესაძლებელი იქნება. ხოლო პატარა ქალაქებში თითქმის შეუძლებელია ჯერჯერობით, რადგან იქ არ არის შესაბამისი რაოდენობა მოსწავლეებისა, რომ კერძო სკოლა შეინახო.
მეორე არის ის, რომ სახელმწიფოსაც უნდა აინტერესებდეს ამის განვითარება და ხელს უწყობდეს. მაგალითად, ისეთი ფორმით, რომ ბუნებრივია, როდესაც სკოლას ფუნქციონირების დაწყება უნდა, მას ტერიტორია, შენობა სჭირდება, რომელიც ბათუმში არის იმდენად ძვირი, რომ ინვესტიციას აზრს უკარგავს. შესაბამისად, თუ სახელმწიფოს აქვს ინტერესი, რომ სექტორი განვითარდეს, შეიძლება გარკვეული პირობებით, დათქმით გამოყოს შენობა, გამოაცხადოს ტენდერი და გააკეთოს“, - ამბობს „მწავნე სკოლის“ დამფუძნებელი.