რამდენიმე თვის წინ საქართველოს განათლების მინისტრმა კერძო სკოლებს სექტორის განვითარებისა და რეფორმების ხედვა გააცნო, რომლის თანახმადაც, მათთვის გარკვეული რეგულაციები შემსუბუქდება.
კერძო სკოლებისთვის აღნიშნული ცვლილების მნიშვნელობაზე BMGTV-ის გადაცემა "წერტილში" “მწვანე სკოლის” დამფუძნებელმა ბაკურ სულაკაურმა ისაუბრა. მისი მოსაზრებით, მეტი დამოუკიდებლობის შემთხვევაში, საქართველოში კერძო სკოლები უფრო სწრაფად განვითარდებიან.
"ცხადია, ამჟამინდელი რეგულაციები არ ნიშნავს, რომ კერძო სკოლების არსებობა შეუძლებელია - ისინი არსებობენ, სექტორი ვითარდება და მოსწავლეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება… თუმცა საუბარია იმაზე, როგორ შეიძლება სისტემა უკეთ მოეწყოს.
თუ არსებობს უაზრო რეგულაციები, რომლებიც კერძო სკოლას ეხება და აფერხებს ადმინისტრირებას, სხვადასხვა, მათ შორის სასწავლო, პროცესს, ბუნებრივია, ამ წნეხის მოშორება სექტორს განავითარებს”, - ამბობს ბაკურ სულაკაური.
“კერძო სკოლის” დამფუძნებლის განმარტებით, ერთ-ერთი რეგულაცია, რომლის შემსუბუქებაც კერძო სკოლებს მეტ თავისუფლებას მისცემს, მასწავლებელთა პროფესიული სქემის გაუქმებაა.
“ეს არის პროცედურა, რომელიც ავალდებულებს მასწავლებლობის ყველა მსურველს, გაიაროს გარკვეული ნაბიჯები, ჩააბაროს გამოცდები და ა.შ. მაგრამ ყველა ეს პროცედურა თეორიულია. მინახავს ბევრი, ვისაც თითოეული ეტაპი ბოლომდე აქვს გავლილი, მაგრამ მე მას სკოლაში არ მივიღებდი, და მინახავს პირიქით, უამრავი მასწავლებელი რომლებსაც კომპეტენციის დამადასტურებელი საბუთი არ აქვს, თუმცა ბრწყინვალედ მუშაობენ ბავშვებთან.
როცა ეს რეგულაცია არ შეეხება კერძო სკოლას, მას ექნება მეტი თავისუფლება, უკეთესი მასწავლებელი აირჩიოს. ისეთი, როგორსაც ის თავად თვლის საჭიროდ, რაც სწავლების ხარისხს გააუმჯობესებს”, - ამბობს ბაკურ სულაკაური.
მისივე თქმით, მსგავსი ნაბიჯების გადადგმა საჯარო სკოლებშიც მნიშვნელოვანია, თუმცა სექტორის სიდიდიდან გამომდინარე, გაცილებით რთული.
“საჯარო სკოლის სექტორი 2000-ზე მეტ სკოლას მოიცავს და მისი მართვა ძალიან რთულია. ამიტომ მესმის, რატომ სჭირდება სამინისტროს ამ სქემის შემუშავება, თუმცა სხვანაირადაც შეიძლებოდა. საჯარო სკოლები ძალიან ცენტრალიზებულია და ნებისმიერი ცენტრალიზება ყველანაირ პროცესს აფერხებს”, - ამბობს სულაკაური და დასძენს, რომ მასწავლებლები ბავშვებთან ურთიერთობის უნარით უნდა ირჩეოდნენ და არა ტესტების საფუძველზე.
“კერძო სკოლის” დამფუძნებელი იმასაც აღნიშნავს, რომ რეგულაციები აუცილებელია, თუმცა თითოეული მათგანი გონივრული უნდა იყოს.
“კერძო სკოლაში მთავარია, სამინისტროსგან იყოს ნება, რომ ნაცვლად დამკვიდრებული პრაქტიკისა, როცა რეგულაცია რეგულაციას ემატებოდა და კერძო სკოლას ურთულდებოდა ცხოვრება, პირიქით წავიდეთ. ეს არ ნიშნავს რომ საერთოდ არ იყოს რეგულაცია, რა თქმა უნდა, უნდა იყოს თუმცა ხელშემწყობი, გონივრული რეგულაციები, რომლებიც ბავშვს ხელს შეუწყობს, უკეთესი განათლება მიიღოს”, - ამბობს ბაკურ სულაკაური.
შეგახსენებთ: მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა კერძო სკოლების დირექტორებთან და ასოციაციების წარმომადგენლებთან ახალი რეფორმების შესახებ პრეზენტაცია გამართა, რომლის ფარგლებშიც მათ კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შემუშავებული ახალი გადაწყვეტილებები, მიდგომები და მექანიზმები გააცნო. სამინისტროს მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, ცვლილებები შეეხება ავტორიზაციის, მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის, ასევე, ადმინისტრირებისა და ეროვნული სასწავლო გეგმის მიმართულებებს.