მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვერ ვხედავ მთავრობას, რომელიც განათლების სისტემის შედეგიან რეფორმირებას გარისკავს“ - ინტერვიუ

მწვანე სკოლა

საქართველოს "მწვანე სკოლის“ დამფუძნებლის და მმართველი პარტნიორის ბაკურ სულაკაურის აზრით, განათლების სისტემის რეფორმირება საჭიროებს არაპოპულარულ გადაწყვეტილებებს, ამიტომ ეეჭვება, რომელიმე მთავრობამ ამ მიმართულებით ნაბიჯები გადადგას. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა.

- რა სჭირდება საქართველოს განვითარებისთვის?

- რთული კითხვაა; ის მოიცავს პოლიტიკურ ნაწილსაც და მე არ ვარ კომპეტენტური...

- მაშინ განათლების სისტემის განვითარების პრიზმიდან შევხედოთ...

- განათლების სისტემის განვითარებისთვის გვჭირდება მკაფიო ხედვა.

- რაც დღეს არ გვაქვს?

- არა...

- რატომ არ გვაქვს?! ხშირად გვესმის ხელისუფლებისგანაც, რომ განათლება არის პრიორიტეტი...

- ვიღაცა ხომ უნდა იყოს, ვინც მკაფიოდ ხედავს...

- ვინ უნდა დაინახოს?! - გვყავს მთავრობა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო... წლიდან წლამდე მზარდია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტიც...

- იმდენად არაა <მზარდი>; მაგალითად, საქართველოში ერთ მოსწავლეზე დახარჯული თანხა იმდენად ცოტაა სხვა ქვეყნებთან შედარებით, ეს რიცხვები რომ ჩამოვთვალო, სასაცილოა. მეორე მხრივ, ის თანხა, რასაც ვხარჯავთ, რომ გაორმაგდეს, მაინც არაფერი შეიცვლება, უბრალოდ, ხარჯები გააორმაგდება.

- რა თქმა უნდა, გააჩნია ხარჯვის ეფექტიანობას და ხედვა ვის უნდა ჰქონდეს?

- ალბათ მთავრობას უნდა ჰქონდეს, განათლების სამინისტროც ხომ მთავრობის ნაწილია... გვჭირდება მკაფიო ხედვა და პოლიტიკური ნება, რომ ეს გაკეთდეს. მაგალითად, კერძო სკოლების რა ცვლილებებიც ეხება, ეს არის ხედვა და ნება იქნება, თუ ეს ყველაფერი გარდაიქმნება ნორმატიულ აქტებად. ასეთივე კომპლექსური მიდგომა უნდა მომზადდეს მთელი განათლების სექტორის მიმართ.

- პოლიტიკურ ნებაშიც მოვიკოჭლებთ?

- დიახ, რადგან ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილებები იქნება მისაღები და ეს არაპოპულარულია. განათლების სამინისტროს/სისტემის რეფორმირებას ვინც დააპირებს ისე, რომ შედეგები დაიდოს, იმდენად არაპოპულარული რაღაცეები უნდა გააკეთოს, მე ვერ ვხედავ, მთავრობას, ვინც ამას გარისკავს.

- ან ძალიან ახალი უნდა იყოს მთავრობა და თან რეფორმატორი და თამამი...

- მე ვერ ვხედავ.

- განათლების მთელი სისტემა ნელ-ნელა წარმოიშვა, ხედვის გარეშე... და საბოლოო ჯამში, შედეგად გვაქვს ის, რომ კვალიფიციური კადრების საოცარი დეფიციტია. მიუხედავად იმისა, რომ არსებობენ კარგი მასწავლებლები, ჯამურად, იმდენად დიდი დეფიციტია, რომ ვინც შემოდის ამ სისტემაში, ხედავს, რომ ადამიანის პოვნა, ვინც ფიზიკა იცის და მზად არის, ასწავლოს (როგორ ასწავლოს - ეს კიდევ ცალკე საკითხია), ძნელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები