2024/2025 სასწავლო წელს, უმაღლეს კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიღებული სტუდენტების რაოდენობა წინა სასწავლო წელთან შედარებით გაიზარდა და 23 700 შეადგინა, მაშინ როცა სახელმწიფო უნივერსიტეტებში მიღებულთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით შემცირდა და 30 500 შეადგინა.
საერთო ჯამში კი, სტუდენტთა მიღება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 0.2%-ითაა შემცირებული.
აღნიშნული მონაცემები საქსტატმა გამოაქვეყნა.
რაც შეეხება სტუდენტთა ჯამურ რიცხვს, ამჟამად საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 187.8 ათასი სტუდენტი სწავლობს, რაც წინა სასწავლო წელთან(177 791) შედარებით 5.6%-ით მეტია.
საქსტატის მონაცემებით, სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობს სტუდენტთა საერთო რიცხოვნობის 57.7%, ხოლო კერძოში - 42.3%. ამასთან, სტუდენტთა საერთო რიცხოვნობიდან 52.8% ქალია, ხოლო 47.2% - კაცი.
აღსანიშნავია, რომ 2024/2025 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 63 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, აქედან 19 სახელმწიფო და 44 კი კერძო. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 64% ქალაქ თბილისშია.




























