ერთ-ერთი წამყვანი ქართული ტექნოლოგიური სტარტაპის, Kernel-ის მენეჯმენტში ცვლილებებია. ამიერიდან, Kernel-ის დირექტორის თანამდებობას Startup Grind Tbilisi-ის ყოფილი დირექტორი, კოლინ დონოჰიუ დაიკავებს, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელად ამერიკელი ანტრეპრენიორი, კრის ბერი დაინიშნა.
Kernel-ის დირექტორის ცვლილება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც კომპანიის მმართველი პარტნიორი, გიორგი ტუხაშვილი ტრაგიკულ ვითარებაში გარდაიცვალა.
“გიორგი ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანი იყო, რომელსაც ოდესმე შევხვედრივარ - ის ნამდვილი მეგობარი იყო. ერთად, საქართველოში Startup Grind-ის კომუნა შევქმენით, მაგრამ არ ჩამოვთვლი ყველაფერს, რაც ერთად გაგვიკეთებია. ბექა დაქიშვილთან, მიშო ზღულაძესთან და Kernel-ის გუნდთან ერთად, გიორგი ინდოეთის ბაზარზე ზრდისთვის ემზადებოდა - ყველაფერი ეს, ძალიან მაგარი უნდა ყოფილიყო. ახალ სტრატეგიაზე მასთან ერთად ვმუშაობდით. სიმართლე რომ გითხრათ, იმ ვითარებაში, რა ვითარებაშიც Kernel-ი აღმოჩნდა, მით უმეტეს, როცა დირექტორი გიორგივით ნიჭიერი იყო, კომპანიების უმეტესობა, უბრალოდ სრულდება…
საოცარია, თუ როგორ გაერთიანდნენ გუნდის წევრები, ინვესტორები და მეგობრები. გარკვეული პროექტები დავაპაუზე, კომპანიას განვითარებაში რომ დავეხმარო. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად ჩემი მეგობარი კრის ბერი დაინიშნა, რომელიც სილიკონის ველის ნამდვილი როკ-სტარია და ცხრა კომპანია გაყიდა, ჯამში მილიარდ დოლარზე ძვირად - ის ძალიან სერიოზული ადამიანია, რომელიც ვითარების დალაგებაში დაგვეხმარება. Kernel-ის ძირითად გუნდს ძლიერი მოთამაშეები დავამატეთ”, - განაცხადა კოლინ დონოჰიუმ BMG-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
Kernel-ის ამერიკელი გენერალური დირექტორის შეფასებით, კომპანიის მენეჯმენტში ახალი სახეების გამოჩენით, კომპანიის საერთაშორისო განვითარება დაჩქარდება. BMG-ის კითხვაზე, თუ რას მოუტანენ კოლინ დონოჰიუ და კრის ბერი Kernel-ს, კომპანიის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ლოგიკური პასუხი - საერთაშორისო კავშირებია.
“ლოგიკური პასუხი - საერთაშორისო კავშირებს. ამასთან, მაღალი დონის პარტნიორობებზეც ვიმუშავებთ. კრისის ერთ-ერთ კომპანიას ინდოეთში 5,000 თანამშრომელი ჰყავდა. ის ძალიან კარგად იცნობს ინდოეთის ბიზნესკულტურას. ბექა დალაქიშვილი, რომელიც ინდოეთში დიდ დროს ატარებს, ადგილობრივ ფინტექ-ეკოსისტემას იცნობს, ხოლო მე - დაკრედიტების მიმართულებაში ვერკვევი. ბაზარზე ბევრი მოთამაშეა, მაგრამ ჩვენი ხედვა - უნიკალურია.
მას შემდეგ, რაც ინდოეთში დრო გავატარე და მთავარ მოთამაშეებს ველაპარაკე, ვხედავ, თუ რა გაოცებულები არიან ისინი ბაზრის შესახებ ჩვენი ცოდნით, განსაკუთრებით ინდოეთში ბიზნესის კეთების მიმართულებით, რაც ძალიან ჰგავს იმას, რაც წარსულში საქართველოში ხდებოდა. ვფიქრობ, რომ განსხვავებული ხედვები, რეპუტაცია და ურთიერთობები მოგვაქვს და ამ ყველაფრის გაერთიანებით, მომენტის შექმნა გვსურს. იმედი გვაქვს, შემოსავლის გენერირებას დავიწყებთ, რითაც ოჯახს დავეხმარებით, რომელიც კომპანიის მნიშვნელოვან აქციონერად რჩება. ეს დახმარების საუკეთესო გზაა, რომელიც მაფიქრდება”, - განაცხადა კოლინ დონოჰიუმ BMG-სთან საუბრისას.
ცნობისთვის გეტყვით, რომ Kernel-ი ერთ-ერთი წამყვანი ქართული ფინტექ-კომპანიაა, რომლის მთავარი ფოკუსი ინდოეთის 1.5-მილიარდიან ბაზარზე მიკრო და მცირე საწარმოების მომსახურებაა. კომპანიის კონკურენტული უპირატესობა მისი პროგრამული უზრუნველყოფაა, რომლითაც კომპანიებს სხვადასხვა საბუღალტრო პროცესების განხორციელება და ანგარიშგებების მომზადება შეუძლიათ.