"თბილღვინოს" დამფუძნებელი გიორგი მარგველაშვილი, მიიჩნევს, რომ საზოგადოება და ბიზნესი, საქართველოს უახლესი ისტორიიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია იყოს ფხიზლად. "აქციებზე, დგას საზოგადოების ბრწყინვალე ნაწილი, ყველანაირი სფეროდან და მე მეამაყება მათი ნახვა. მე მეამაყება, რომ მეც იქ ვდგავარ", - აცხადებს მარგველაშვილი.
მისი თქმით, ბიზნესმენები მიჩვეულები არიან გარიგებებს, ვალდებულებებს და ბიზნესს სექტორი დღეს სახელმწიფოს წინაშე არსებულ ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს, სახელმწიფო კი მის ფუნდამენტურ ვალდებულებებს ვერ ასრულებს, ეს ეხება უსაფრთხოების ვალდებულებასაც.
"დღეს საშიში გახდა თბილისში ღამე სიარული, მე მიწევს ფიქრი უსაფრთხო მარშრუტებზე, რომ სახლში დავბრუნდე. ქალაქში, რომ გავდივარ, ჩემს შვილებთან, ჩემი მეგობრების შვილებთან და მათ ოჯახებთან ერთად, მე არ ვგრძნობ უსაფრთხოდ თავს. კეთილი ინებოს ხელისუფლებამ შეასრულოს თავისი ვალდებულება და დაიცვას თავისი მოქალაქეების უსაფრთხოება", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა BMGTV ის გადაცემა "ბიზნესის კვირეულში".
საქართველოს ბიზნესის ხმა ევროინტეგრაციისთვის და უსამართლობასთან შეუგუებლობისთვის - 8 დეკემბრის "ბიზნესის კვირეულის" ეთერში საქართველოს ბიზნესლიდერები შეიკრიბნენ, რათა დააფიქსირონ საკუთარი პოზიციები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.