სასმელების მწარმოებელი ამერიკული გიგანტი Keurig Dr Pepper ჰოლანდიური Peet's Coffee-ის $18 მილიარდ დოლარად შესყიდვას დასთანხმდა - აღნიშნული გარიგება, ამერიკული ბრენდის მიერ ევროპული კომპანიის შესყიდვაზე, სექტორში ყველაზე მასშტაბური შეთანხმებაა გასული ორი წლის განმავლობაში.
BBC-ის ინფორმაციით, შერწყმის შემდეგ აშშ-ში დალისტული ორი კომპანია შეიქმნება, რომელთაგან ერთ-ერთიც ყავის ბრენდებზე, მათ შორის Douwe Egbert-სა და L'Or-ზე იქნება ორიენტირებული, მეორე კი - გამაგრილებელი სასმელების ბრენდებზე: Schweppes, Snapple და 7 Up.
როგორც აღმასრულებელი რგოლის წარმომადგენლები მედიასთან აღნიშნავენ, ჰოლანდიური კომპანიის შესყიდვის მიზანი "გამძლე და დივერსიფიცირებული" ყავის ბიზნესის შექმნა და "ყავის გლობალური ჩემპიონის" ჩამოყალიბება იყო იმ ფონზე, რომ ინდუსტრია სატარიფო ომისა და ყავის მარცვალზე გაზრდილი ფასის გამოწვევას ებრძვის. Keurig-ის დირექტორმა ტიმ კოფერმა აღნიშნა, რომ ტრანზაქციისთვის ახლა "სწორი დროა".
მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილების გაცხადების შემდეგ, ამერიკული კომპანიის აქციები 7%-ით დაეცა - რაც აიხსნება ბაზარზე გაჩენილი ეჭვით, რომ Keurig იმ სტრატეგიას მიატოვებდა, რომლის ფარგლებშიც Green Mountain Coffee შეისყიდა და სასმელების გიგანტ ამერიკულ კონგლომერატად უნდა ქცეულიყო.
გასულ თვეს Keurig Dr Pepper-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა ინვესტორებთან აღნიშნეს, რომ კომპანიის ყავის ბიზნესის მოსალოდნელი ზრდა მიმდინარე წელს შესაძლოა შენელებულიყო, რაც აშშ-ში - კომპანიისთვის უმნიშვნელოვანეს ბაზარზე - სატარიფო პოლიტიკის ცვლილებით აიხსნებოდა.
ახლად ჩამოყალიბებული გამაგრილებელი სასმელების კომპანია ტეხასის შტატში იქნება ბაზირებული და მას კვლავ ტიმ კოფერი უხელმძღვანელებს. ყავის კომპანიის სათავო ოფისი კი მასაჩუსეტსში განთავსდება და ყოველწლიურად $16 მილიარდი დოლარის შემოსავლის ბრენდებს გააერთიანებს.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს Peet's-ი Jacobs Douwe Egberts-ს შეუერთდა და JDE Peet's-ად იქცა, რომელიც საფონდო ბირჟაზე მომდევნო წელს დაილისტა. ახალმა კომპანიამ ინვესტორთა მოლოდინები არ გაამართლა; ყავის მწარმოებელ რეგიონებში გვალვის გამო ნედლეულზე ფასები გაიზარდა, რაც საოპერაციო ხარჯებზე აისახა. ამასთან, ჰოლანდიურ კომპანიას მიმდინარე წლის დასაწყისში დავა ჰქონდა საცალო გაყიდვების ევროპულ ქსელებთანაც, პროდუქტზე ფასის გაზრდის გამო, მიუხედავად იმისა, რომ Peet's ამტკიცებდა, აღნიშნული პრობლემა სრულად გადაჭრილიაო.
ამჟამინდელი შეთანხმებით, Peet's-ის აქციები €31.85-ად შეფასდა, 20%-ით უფრო ძვირად, ვიდრე გასულ კვირას ივაჭრებოდა.




























