მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კეზერაშვილმა "ფორმულას" წილების ნახევარი თანამშრომლებს დაურეგისტრირა

დავით კეზერაშვილი

ტელეკომპანია "ფორმულას" საკონტროლო პაკეტის მფლობელი დავით კეზერაშვილი აღარაა. შესაბამისი ცვლილება საჯარო რეესტრმა უკვე შეიტანა და მას დაუკმაყოფილა მოთხოვნა, რომ კუთვნილი 51%-იანი წილიდან 25% თანამშრომლებისთვის, კერძოდ, ააიპ "თავისუფლების ფორმულასთვის“ გადაეცა.

შედეგად, ახლა ბიზნეს რეესტრის ამონაწერის თანახმად, ტელეკომპანია ფორმულას პარტნიორთა სია ასე ნაწილდება:

მიხეილ მშვილდაძე - 12.25%
ირაკლი საღინაძე - 12.25%
ზურაბ გუმბარიძე - 12.25%
გიორგი ლიფონავა - 12.25%
დავით კეზერაშვილი - 26%.
ააიპ "თავისუფლების ფორმულა“ - 25%.

 თავდაპირველად საჯარო რეესტრმა კეზერაშვილს უარი უთხრა წილების თანამშრომელთათვის გადაცემაზე და შესაბამისი რეგისტრაციის გავლაზე, ვინაიდან მას მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ ჰქონდა. როგორც ჩანს, ახლა ეს პრობლემა აღარაა.

შეგახსენებთ, წილების თანამშრომლებისთვის გადაცემის შესახებ დავით კეზერაშვილმა მიმდინარე წლის აპრილში განაცხადა და აღნიშნა, რომ „ფორმულას" საკონტროლო პაკეტზე - 51%-იან წილზე უარს ამბობდა. როგორც მან მაშინ განაცხადა, ოლიგარქიული მმართველობის დასრულების შემდეგ, ტელეკომპანიის კოლექტივს დარჩენილ წილსაც გადასცემს. აღსანიშნია, რომ დავით კეზერაშვილი ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი 2019 წლის სექტემბერში გახდა.

„ვიღებ გადაწყვეტილებას ჩემი დახმარების პარალელურად ტელეკომპანია „ფორმულას" მივცე სრულიად ახალი და გამოცდილებით უნიკალური მედია-მოდელის შექმნის შესაძლებლობა, რომელიც კიდევ უფრო მაღლა აწევს მისი სარედაქციო დამოუკიდებლობის თამასას, მათ შორი ჩემგანაც (რისი დეფიციტიც არხს არც ამ დრომდე ჰქონია). გადაწყვეტილება ასეთია: მე უარს ვამბობ "ფორმულას" საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ახლავე გადავცემ ტელეკომპანიის კოლექტივს. მას შემდეგ კი, რაც დასრულდება ოლიგარქიული მმართველობა, "ფორმულას" კოლექტივსვე სრულად გადავცემ ჩემს დარჩენილ წილსაც. ივანიშვილის ფაქტორის გაქრობისა და დასავლურ სივრცეში საბოლოოდ შესვლის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, თავისუფალ მედიას ჩემი მონაწილეობის გარეშეც გაუჩნდება ბევრი სხვა საარსებო წყარო და აქ დაესმება წერტილი ჩემს აქტივობას მედიის მხარდაჭერის მიმართულებით და ზოგადად, ყველა ტიპის ჩართულობას ქართულ პოლიტიკაში",- განაცხადა აპრილში დავით კეზერაშვილმა.

მანამდე კი BBC-მ ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე საგამოძიებო ფილმი გამოაქვეყნა, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი, „მისტერ ოფშორად" არის მოხსენიებული. მასალის მიხედვით, გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების ძარცვის სქემა, რომლის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული. სტატიაში, რომელიც ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ფილმის გასაჯაროებამდე ერთი დღით ადრე გამოაქვეყნა, მილიარდამდე დოლარის გამოძალვაზეა საუბარი. დავით კეზერაშვილი პენსიონერების ძარცვასთან კავშირს უარყოფს.