მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ხანგრძლივი მშვიდობისთვის საჭიროა ფუნქციური და რეალური უსაფრთხოების გარანტიები" - ზელენსკი

ზელენსკი

სექტემბრის პირველ კვირაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 1300-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი, თითქმის 900 მართვადი საჰაერო ბომბი და 50-მდე რაკეტა გაუშვა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ითხოვს.

როგორც ზელენსკი X-ზე წერს, რუსეთმა ომის გახანგრძლივების საპასუხოდ ერთიანი პასუხი უნდა მიიღოს, უნდა გაძლიერდეს წნეხი და გაიზარდოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაა.

"სექტემბრის პირველ კვირაში მტერმა ჩერნიგოვის, ხარკოვის, ოდესის, ხერსონის, კიევის, ზაპოროჟიეს, დნეპრის, კიროვოგრადის, ხმელნიცკის, ჟიტომირის, ვოლინის, ივანო-ფრანკოვსკის, რივნეს და ლვოვის რეგიონებს მიაყენა დარტყმა. აფეთქებები უკრაინის პრაქტიკულად ყველა რეგიონში ისმოდა.

რუსეთი აგრძელებს ამ ომს და ცდილობს, დიპლომატია პირდაპირ ფარსად აქციოს. ამას კი ერთიანი პასუხი უნდა მოჰყვეს: თავდასხმებსა და ნგრევაზე, დიპლომატიური ძალისხმევისა და ცივილიზებული დიალოგის იგნორირებაზე. პრეზიდენტი ტრამპი აბსოლუტურად მართალია, რომ დიპლომატიის აღსადგენად საჭიროა რუსული ნავთობისა და გაზის ვაჭრობის ეფექტური შეზღუდვები.

უნდა გავაძლიეროთ სანქციებით ზეწოლა, გავზარდოთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება და უზრუნველვყოთ, რომ ასეთი შემოსევები მომავალში აღარ განმეორდეს. ხანგრძლივი მშვიდობისთვის საჭიროა ფუნქციური და რეალური უსაფრთხოების გარანტიები. ვმუშაობთ მომავალში საიმედო მშვიდობის ყველა ამ ელემენტის დანერგვაზე. მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორს, ვინც მხარს უჭერს უკრაინას და ჩვენს ხალხს", - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები