უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 24 თებერვალს საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს დააანონსებს. როგორც ამერიკული გამოცემა Financial Times-ი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წყაროზე დაყრდნობით წერს, უკრაინის ლიდერს გადაწყვეტილი აქვს, გადადგას მკაფიო ნაბიჯი, რათა დაადასტუროს მისი სურვილი სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებისა და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის საბოლოოდ დამთავრებისთვის.
გამოცემა წერს, რომ როგორც ირკვევა, ზელენსკი ამ ნაბიჯით საბოლოოდ აპირებს წერტილი დაუსვას ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების პრეტენზიებს, რომ ის ქვეყანას არადემოკრატიულად მართავს.
შეგახსენებთ, როგორც კრემლში, ისე ოფიციალურ ვაშინგტონში არაერთხელ გააჟღერეს მოსაზრება, რომ ზელენსკი არალეგიტიმური მმართველია, რადგან ის ომს არჩევნების გადავადებისა და საპრეზიდენტო ვადის გახანგრძლივებისთვის იყენებს. მართალია შტატების ლიდერმა ეს პოზიცია ბოლო პერიოდში შეცვალა, თუმცა პუტინი ამ თემაზე მუდმივად ამახვილებს ყურადღებას. მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისა და სახალხო რეფერენდუმის დანიშვნა სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. Financial Times-ის ცნობით, არჩევნები მაისის დასაწყისში უნდა ჩაინიშნოს, თუმცა ოფიციალური თარიღი მაინც დიპლომატიური პროცესების განვითარებაზე იქნება დამოკიდებული.
ამერიკული მედიის ცნობით, ზელენსკი დეტალურად ახსნის, თუ როგორ ჩატარდება არჩევნები და რეფერენდუმი იმ ლოგისტიკური გამოწვევების ფონზე, რაც ქვეყანას მიმდინარე კონფლიქტმა შეუქმნა. ამასთან, დაავალებს პარლამენტს, უმოკლეს დროში დაამტკიცოს კანონპროექტი, რომელიც ომის მიმდინარეობისას არჩევნების ჩანიშვნასა და ჩატარებას დაუშვებს. რაც შეეხება რეფერენდუმის თემას, როგორც ირკვევა, უკრაინის პრეზიდენტს სურს, მოსახლეობამ თავისი მოსაზრება დააფიქსიროს იმ საბოლოო სამშვიდობო დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელსაც შემდგომში უკრაინის პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი.
შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტი 2019 წელს გახდა. ის თანამდებობას უკვე 7 წელია იკავებს. რომ არა მიმდინარე ომი და საგანგებო მდგომარეობა, საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის მარტი-აპრილის შუალედში უნდა გამართულიყო.




























