მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ხარისხის გაუმჯობესების სახელით“ - რა მიზანს ემსახურება უნივერსიტეტების გაერთიანება და ვინ იქნება შემდეგი?

შალვა ტაბატაძე

განათლების მკვლევრები უმაღლესი განათლების სფეროში დაგეგმილ უნივერსიტეტების გაერთიანებას აკრიტიკებენ. როგორც ექსპერტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები აცხადებენ, პროცესს არ ახლავს მკაფიო სტრატეგია და საერთო ხედვა, რის გამოც არსებობს რისკი, რომ გაერთიანებამ განათლების სისტემას ზიანი მიაყენოს.

განათლების მკვლევრის შალვა ტაბატაძის აზრით, განსაკუთრებით საფრთხის ქვეშ დგას როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისე ქუთაისში მოქმედი აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტიც.

“გაერთიანება თავისთავად არც კარგია და არც ცუდი, თუ არ ვიცით რა მიზნებს ემსახურება. შესაბამისად, აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იკვეთება, რომელზედაც მინდა ყურადღება გავამახვილო. პირველი არის ის, თუ რა პოლიტიკა იქნება და რისთვის ხორციელდება ეს გაერთიანება. ჩვენ ვერ ვხედავთ ერთიან სურათს, რა გეგმა არსებობს უმაღლესი განათლების მოწყობის და ამ საერთო გეგმაში როგორ ჯდება ეს გაერთიანება. თუ საერთო სურათი გვეცოდინება და არა ასე ულუფებად მოწოდებული რაღაც ელემენტები, შესაძლებელია ეს გაერთიანება, ჰიპოთეტურად მოსაწონიც იყოს. მთავარია დავინახავთ, რომ ეს რეალურად ემსახურება საერთო მიზანს.

მეტ-ნაკლებად დაანონსებული და შემოპარებული აქვს საზოგადოებას "ერთი ფაკულტეტი, ერთი ქალაქის" პრინციპი. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტისა და თსუ-ს გაერთიანების შედეგად, სტუდენტების 80% აქ იქნებიან თავმოყრილები და აქ ილიას უნივერსიტეტისთვის ადგილი აღარ იქნება.

ისევე როგორც, ანალოგიურად, ჩვენ არ ვიცით რა მოხდება ქუთაისში, სადაც ასევე ორი უნივერსიტეტია წარმოდგენილი. ერთი აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი, მეორე - საერთაშორისო ქუთაისის უნივერსიტეტი. დღევანდელი გადმოსახედიდან რომ შევხედოთ, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი 4-ჯერ მეტ სტუდენტს იღებს ყოველწლიურად, პროგრამების უმრავლესობაში ის გაცილებით უფრო წარმატებულია, ამ შემთხვევაში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადგილი არ რჩება. თუმცა აქ როგორ მოხდება გაერთიანება და რა კონტექსტი იქნება, არავინ ვიცით. ქუთაისშიც ანალოგიურ პროცესებს ველოდები. სამწუხაროდ, რეგიონებს იმდენ ყურადღებას არ ვაქცევთ ხოლმე და ვფიქრობ, რომ აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ბედიც მნიშვნელოვნად დასაცავია.” – განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში ტაბატაძემ.

აკადემიური წრეების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება მიიღება მკაფიო სტრატეგიისა და აკადემიური თავისუფლების დაცვის გარეშე საფრთხეს უქმნის უნივერსიტეტების ავტონომიასა და საგანმანათლებლო მისიის არსს. მათი თქმით, ბუნდოვანია როგორც გაერთიანების მიზნები, ისე მოსალოდნელი შედეგები, განსაკუთრებით საერთაშორისო რეიტინგების, უცხოელი სტუდენტების მოზიდვისა და რეგიონული უნივერსიტეტების განვითარების კონტექსტში.

„მეორე მნიშვნელოვანი საკითხი იყო ის, თუ რა ფორმით მოხდა ამის მოწოდება, აკადემიურ თავისუფლებაზე და ავტონომიურობაზე არ არის საუბარი, აქ ფაქტობრივად მოხდა ძალაუფლების მიერ აკადემიური თავისუფლების დამორჩილება. ნაწილში აკადემიური პერსონალის მიერ თავისუფალი აზრის დათმობა, თუმცა იმედი მაქვს ამას საყოველთაო ფორმა არ მიეცემა. თუ აკადემიურ თავისუფლებას შეზღუდავ, იქ უნივერსიტეტის არსი იზღუდება და უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა ფურცელზე ერთი უნივერსიტეტი დარჩება თუ ორი.

მესამეა მიზანი, რომელიც ბუნდოვანია. იყო საუბარი რეიტინგებზე და ხარჯების ოპტიმიზაციაზე. თუმცა ხელისუფლების რიტორიკა მთელ ამ მიზნებსაც ეწინააღმდეგება. რისთვის არის საჭირო რეიტინგების ზრდა და საერთაშორისო რეიტინგებში უკეთესი შედეგები? ეს არის საერთაშორისო პრესტიჟისთვის, რეპუტაციისთვის, რომელიც შეიძლება იყოს გამოყენებული მაგალითად, საერთაშორისო სტუდენტების მოსაზიდად, ან შესაძლებელია გამოყენებული იყოს სხვადასხვა პროექტებში. მაგრამ ამის აბსოლუტურად საწინააღმდეგო პოლიტიკა გამოცხადდა - სახელმწიფო უნივერსიტეტებს არა აქვთ საერთაშორისო სტუდენტების მიღების შესაძლებლობა. თუკი ეს შესაძლებლობა არა აქვს, ამ უნივერსიტეტის საერთაშორისო რეიტინგი რატომ არის ასე მნიშვნელოვანი? ეს რეიტინგიც შეიძლება არ გაიზარდოს, თუნდაც იმიტომ, რომ 7,5% ამ რეიტინგში აქვს საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობას, რომელიც უქმდება და საერთოდ გაქრება ამ უნივერსიტეტებიდან. ამავე დროს ჩვენ ვიცით, რომ საერთაშორისო სტუდენტები ჩვენთან მოდიან მედიცინის მიმართულებით და ამ გაერთიანების პირობებში ამ ორ უნივერსიტეტში მედიცინის პროგრამა აღარ იქნება. ეს პროგრამა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გადის სამედიცინო უნივერსიტეტში, შესაბამისად, არსი ამ გაერთიანების, საერთაშორისო კონტექსტში აბსოლუტურად იფშვნება.“ - მიიჩნევს განათლების მკვლევარი.

ექსპერტების თქმით, ხელისუფლების პოლიტიკა მიმართულია არა ხარისხის გაუმჯობესების, არამედ განათლების სისტემის დაქვემდებარებისკენ, რაც საბოლოოდ აზიანებს როგორც უნივერსიტეტების ავტონომიას, ისე საზოგადოების განვითარების პერსპექტივას.

„მეორე მიზანი იყო თითქოს ხარისხს გაუმჯობესება. იმიტომ, რომ საუკეთესო კადრების მოზიდვა მოხდება ერთ პროგრამაზე, კვლევისა და სწავლების თვალსაზრისით, რესურსების ოპტიმიზაცია. ანუ უკეთეს ხარისხს მისცემენ უფრო ნაკლებ სტუდენტს. თუმცა დღეს აცხადებენ, რომ არაფერი არ იცვლება, პროფესორების რაოდენობა არ შემცირდება, პროგრამები არ შემცირდება, სტუდენტების რაოდენობა არ შემცირდება, მაშინ სახელს რატომ ცვლი მხოლოდ? თუმცა ამის გამბედაობა, როგორც ჩანს ამ ეტაპზე არ ეყოთ და წინააღმდეგობის კვალდაკვალ ასე თქმა გადაწყვიტეს.

რომ შევაჯამოთ საერთო მიზანია რომ ძალაუფლებამ მთლიანად დაიმორჩილოს აკადემიური სფერო, რომელიც არის ადგილი თავისუფალი აზრისთვის, თავისუფალი კვლევისთვის და სრული თავისუფლებისთვის. მთლიანად უმაღლესი განათლების სისტემა და ჩვენი აკადემიური სივრცე, თავისი თავისუფლებით, დასაცავია თუ გვინდა საზოგადოების შენარჩუნება და განვითარება.

უფრო გრძელვადიანი და ფართო მიზნები აქვს ხელისუფლებას და სამწუხაროდ ეს არ ეხება მხოლოდ ტექნიკურ უნივერსიტეტს ან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, არამედ ეხება მთელ სახელმწიფოს, მთელ საზოგადოებას და მთლიანად უმაღლესი განათლების სისტემას. ესეც მგონია, რომ გარკვეული ცოტა ფოკუსის გადატანაც იყო მთელ იმ შემდგომ ნაბიჯებზე, რომელსაც ეტაპობრივად და ნელ-ნელა მოჰყვება.“ - განაცხადა ტაბატაძემ.

"ოცნების" მთავრობაში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების მთავარი მიზეზი განათლების ხარისხის გაუმჯობესება და ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების ეფექტიანი გამოყენებაა.

მისი თქმით, უმაღლესი განათლების ეროვნული კონცეფცია, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა, მიზნად ისახავს სახელმწიფო უნივერსიტეტებში შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული პროფესიების განვითარებას, პროგრამების გაძლიერებას და დუბლირებული მიმართულებების შემცირებას.

გივი მიქანაძის განმარტებით, ორი უმსხვილესი სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანება „ერთი ფაკულტეტი ერთ ქალაქში“ პრინციპის ნაწილია და ემსახურება რესურსების კონცენტრირებას ორ საგანმანათლებლო ჰაბში – თბილისში და ქუთაისში.

შეგახსენებთ, 29 იანვარს გამართულ ბრიფინგზე "ოცნების" მთავრობაში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებაზე უკვე მიღებულია ორივე უნივერსიტეტის რექტორების თანხმობა. მისი თქმით, გაერთიანებას წინ უსწრებდა ხანგრძლივი კონსულტაციები და სახელმწიფო უნივერსიტეტების აკადემიური პროგრამების, კვლევითი მიმართულებებისა და ინფრასტრუქტურის შედარებითი ანალიზი.თუმცა თავად სტუ-ს რექტორმა დავით გურგენიძემ "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ გაერთიანების შესახებ ინფორმაცია მან ოფიციალურ ბრიფინგამდე მხოლოდ ერთი დღით ადრე შეიტყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები