მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხარისხს ყოველთვის მოაქვს ფინანსური შედეგი - მარინა ბერიძე მუსიკალური განათლების ბაზარზე

მარინა ბერიძე

მუსიკალური სტუდია „ანა-ბანა“, რომელიც ქართულ ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს, უკვე 16 წელია ბავშვთა მუსიკალურ განათლებაზეა ორიენტირებული. სტუდიის დამფუძნებელი მარინა ბერიძე BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ აცხადებს, რომ „ანა-ბანას“ კონკურენტუნარიანობას რამდენიმე ძირითადი პრინციპი განსაზღვრავს, კერძოდ სილაღე, ცოცხალი შესრულება და სწორად შერჩეული რეპერტუარი.

მარინა ბერიძის ინფორმაციით, სტუდიაში ამ ეტაპზე 9 პედაგოგია დასაქმებული და გუნდი ერთიანობითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევა. მისი თქმით, „ანა-ბანას“ მთავარი პრინციპია, ბავშვებთან მუშაობის პროცესში ფონოგრამის სრულად გამორიცხვა.

„არასოდეს არ ვამღერებთ ბავშვებს ფონოგრამაზე და მით უმეტეს – პლუს ფონოგრამაზე. ყველაფერი ხდება როიალის თანხლებით. სტუდიის თითქმის ყველა პედაგოგი ძალიან კარგად უკრავს, რაც ჩვენთვის პროფესიონალიზმის ერთ-ერთი მთავარი საზომია“, – აცხადებს მარინა ბერიძე.

სტუდიის დამფუძნებელი ხაზს უსვამს, რომ მუსიკალური განათლების პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწორ რეპერტუარსა და ხმის სწორად დამუშავებას : „პედაგოგმა შეიძლება ბავშვი დაღუპოს ან ფეხზე დააყენოს. არასწორი რეპერტუარი, არასწორად ხმის დაყენება – ძალიან ბევრ რამეზე ახდენს გავლენას“, – აღნიშნავს ის.

მარინა ბერიძის თქმით, „ანა-ბანაში“ მკაცრად არის განსაზღვრული მუსიკალური მიმართულება – სტუდიაში სრულდება მხოლოდ საბავშვო სიმღერები. განსაკუთრებული მიდგომა აქვს სტუდიას ბავშვების შერჩევის პროცესშიც. როგორც მარინა ბერიძე განმარტავს, ბავშვი სტუდიაში საცდელი სამი თვით მიიღება.

„თუ ბავშვს ოდნავ მაინც აქვს ნიჭი, სამ თვეს ვაძლევთ. ამის შემდეგ მშობელს ვეუბნები – გააგრძელოს თუ არა ბავშვის სტუდიაში ტარება. ამ დროში უკვე ჩანს, როგორი სმენა აქვს ბავშვს და მიყვება თუ არა მუსიკას. მთავარი მიზანია, ბავშვს მუსიკა შევაყვაროთ”, - ამბობს ის.

სტუდიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართულ მუსიკას. მარინა ბერიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ბავშვმა იცოდეს, რას მღერის, რა არის ტექსტის მნიშვნელობა და ვინ არის ნაწარმოების ავტორი : „ხარისხს ყოველთვის მოაქვს შედეგი, მათ შორის ფინანსურიც“, - აღნიშნავს სტუდიის დამფუძნებელი.

მისივე თქმით, "ანა-ბანას" განსხვავებულობას მხოლოდ სწავლების მეთოდი არ განსაზღვრავს - მნიშვნელოვანი ფაქტორია სწორი მენეჯმენტიც და მუდმივი ძიება, თუ რა სიახლე შეიძლება შესთავაზონ ბაზარს : "არასდროს ვიმეორებთ იმას, რასაც ყველა მღერის. სულ ვეძებთ იმას, რასაც სხვები არ აკეთებენ", - აცხადებს მარინა ბერიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები