სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ხულოს მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.
როგორც ანგარიშიდან ირკვევა, გამოვლინდა ხარვეზები შესყიდვების, შრომის ანაზღაურების, აქტივების მართვის და სხვა მიმართულებით. უფრო დეტალურად:
სახელმწიფო შესყიდვებში არსებული ნაკლოვანებები - მუნიციპალიტეტის შიდა კონტროლის სისტემამ სათანადოდ ვერ უზრუნველყო სახელმწიფო შესყიდვების პროცედურის სწორად წარმართვა. შედეგად, მუნიციპალურმა სერვისებმა დადო ხელშეკრულება მიმწოდებელთან, რომელიც ვერ აკმაყოფილებდა სატენდერო პირობებს, ხოლო მერიის მიერ ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილებების საფუძვლები რიგ შემთხვევებში დაუსაბუთებელია, რამაც განაპირობა სამუშაოების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა.
ტრანსპორტის მოვლა-შენახვის და საწვავის ხარჯვის ნაკლოვანებები - მუნიციპალიტეტში არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და სპეციალური ტექნიკისათვის შეძენილი სათადარიგო ნაწილების და მომსახურების, ასევე საწვავის მიზნობრივად ხარჯვის დოკუმენტურად დადასტურებას.
ინვენტარიზაციაში არსებული ხარვეზები - მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების ნაწილში, მოქმედი რეგულაციების შესაბამისად არ არის ჩატარებული ინვენტარიზაცია. აქტივებზე სათანადო კონტროლის არარსებობა, მათ შორის, მუნიციპალიტეტის მიერ ა(ა)იპ − ხულოს მუნიციპალურ სერვისზე თხოვების ფორმით გადაცემულ 97,600 ლარის ღირებულების აქტივებზე, წარმოშობს მათი დაკარგვის და ვარგისიანი აქტივების ჩამოწერის რისკებს.
შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული ხარვეზები - მუნიციპალიტეტში სათანადოდ არ ფუნქციონირებს ფაქტობრივად ნამუშევარი დროის აღრიცხვის სისტემა, რაც ხელფასის დაანგარიშების არსებითი საფუძველია. აღნიშნული გარემოებები, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვასთან მიმართებით, არსებული კონტროლის მექანიზმების სისუსტეზე მიუთითებს.
მათ შორის ირკვევა, რომ აუდიტის პერიოდში სრული განაკვეთით დასაქმების პირობებში 9 თანამშრომელი დასაქმებული იყო მუნიციპალიტეტის დაწესებულებებში ორ თანამდებობაზე. შესაბამისად, აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო რწმუნება მათ მიერ სამუშაო დროის რაციონალურად გამოყენებასთან დაკავშირებით.
შიდა კონტროლის ნაკლოვანებები - მუნიციპალიტეტის შიდა კონტროლის სისტემა სრულყოფილად ვერ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ფინანსების მართვის სისტემის გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურული ღონისძიებების შესრულების მონიტორინგის, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიზნობრიობის და ეფექტიანობის ზრდის ხელშეწყობას.




























