მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხაშურის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა 19 მლნ ევრო დაჯდება - კონტრაქტი გაფორმდა

mgf

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ხაშურში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის პროექტირება-მშენებლობას იწყებს. სახელმწიფო კომპანიის დირექტორმა გიორგი შონიამ და კონტრაქტორი კომპანია - „JV of YDA Insaat San. Ve Tic. A.S. & MITAS Prj. Ins. Teks. ve San. Ver Tic. A.S“-ის წარმომადგენელმა ოზჯან ჩაქმაქმა 19 მილიონი ევროს კონტრაქტს ხელი დღეს მოაწერეს.

პროექტით გათვალისწინებულია 30,000-40,000 P.E. წყალარინების გამწმენდი ნაგებობისა და 2,5კმ. ბაიპასის პროექტირება-მშენებლობა.

პროექტი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სესხით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

"ქალაქ ხაშურში წყალმომარაგებისა და წყალარინების მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს, რომელიც რამდენიმე ლოტისგან შედგება. პირველი ლოტით გათვალისწინებულია მთელი ქალაქის წყალმომარაგების სისტემის, ხოლო ქალაქის ცენტრალურ ნაწილში — წყალარინების ქსელის მშენებლობა. 2025 წლის ბოლოდან დაგეგმილია ქალაქის მოსახლეობის 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა.

პარალელურად მიმდინარეობს სათავე ნაგებობების, რეზერვუარებისა და მაგისტრალური მილების მშენებლობა, ხოლო მეორე ეტაპის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქის დარჩენილ ნაწილში წყალარინების ქსელის მოწყობა,"- ნათქვამია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის განცხადებაში.

ქალაქ ხაშურის წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებს ჯამში 300 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები