მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხაშურის ნომერ მეოთხე საჯარო სკოლის მშენებლობისთვის 7.4 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა. უწყების ინფორმაციით, სკოლა 500 ბავშვზე არის გათვლილი და მისი მშენებლობა 27 თვის ვადაში უნდა დასრულდეს. კონტრაქტი ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს "ბილდინგ ვორლდთან" გაფორმდა.
"500 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში, თანამედროვე სტანდარტების მიხედვით უნდა მოეწყოს საკლასო და რესურს ოთახები, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კაბინეტი, სამეცნიერო ლაბორატორია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სივრცე და მუსიკის ოთახი.
სკოლის შენობაში ასევე უნდა განთავსდეს ბიბლიოთეკა, კვებისათვის განკუთვნილი სივრცე, სამედიცინო კაბინეტი, მანდატურის ოთახი, მრავალფუნქციური და სპორტული დარბაზები.
ახალი შენობა უზრუნველყოფს მოსწავლეების განვითარებაზე, უსაფრთხოებასა და კომფორტზე ორიენტირებული გარემოს შექმნას.
ხაშურის N4 სკოლა, მუნიციპალური განვითარების ფონდს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ლიკვიდაციის შემდეგ გადმოეცა", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ტენდერში მონაწილეობა სულ სამმა კომპანიამ მიიღო, ტენდერის სავარაუდო ღირებულება 8 მილიონ ლარს შეადგენდა და მასში ყველაზე დაბალი - 7.4 მილიონი ლარის საფასური სწორედ კომპანია "ბილდინგ ვორლდმა" წარადგინა.




























