მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელისუფლება მობილიზებულია, რომ EU-ში გაწევრიანების გზაზე მეტ პროგრესს მიაღწიოს - დარჩიაშვილი

დარჩიაშვილი
07.02.24 11:09
352

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატ ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ხელისუფლება მობილიზებულია, რომ EU-ში გაწევრიანების გზაზე მეტ პროგრესს მიაღწიოს. ამის შესახებ მან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, სადაც ვრცლად ისაუბრა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, კანდიდატის სტატუსით მიღწეულ წარმატებასა და სამომავლო გეგმებზე.

„ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება ჩვენი ქვეყნის დიდი და დამსახურებული გამარჯვებაა. ხელისუფლება მზად არის და მობილიზებულია იმისთვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უფრო მეტ პროგრესს მიაღწიოს. ჩვენი შემდეგი მიზანი გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებაა“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

მისი თქმით საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევა მიმართული იქნება კანდიდატის სტატუსით მიღებული შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენებისკენ, სტატუსით საქართველომ გადაინაცვლა ევროკავშირის გაფართოების პაკეტში და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა, საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი თანამშრომლობის ინსტიტუციური მექანიზმის განახლებასა და გაძლიერებაზე.

გაწევრიანების გზაზე შემდგომი პროგრესის მიღწევისთვის მან ასევე ხაზი გაუსვა სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის წარმატებულ პროცესს და ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების გაგრძელებას.

„მიღწეული შედეგების კვალდაკვალ, საქართველო ახალ ამბიციურ გეგმებსაც ისახავს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, კერძოდ, შეუცვლელ პრიორიტეტად რჩება საქართველოსა და ევროკავშირს შორის შავ ზღვაზე დაკავშირებადობის ზრდა, მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული სტრატეგიული პროექტების განხორციელების გზით. ასევე გაგრძელდება ევროკავშირთან ეტაპობრივი დაახლოება და, ამ მხრივ, პრიორიტეტი ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციას მიენიჭება“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისი განცხადებით, მოსახლეობაში ევროკავშირში წევრობის მხარდაჭერის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნების მიზნით და საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებულობის უზრუნველყოფისთვის კვლავ პრიორიტეტული იქნება სტრატეგიული კომუნიკაციების წარმოება და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა. დამტკიცდა მთავრობის 2024-2027 წწ.-ის საკომუნიკაციო სტრატეგია, რომლის ერთ-ერთ კომპონენტს სწორედ დეზინფორმაციასთან ბრძოლა წარმოადგენს. გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგეგმა და ახორციელებს კონკრეტულ გეგმას ევროპული ფასეულობებისა და ქვეყნის ევროკავშირის წევრობის სარგებლის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით.

ილია დარჩიაშვილმა ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს პროგრესზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საქართველოს ამ კუთხითაც ხელშესახები შედეგები აქვს. კერძოდ, 2022 წლის მადრიდის სამიტზე დამტკიცდა ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა პაკეტი. 2023 წლის ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში კვლავ დადასტურდა მოკავშირეთა ურყევი მხარდაჭერა საქართველოსა და მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები