მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხელისუფლება ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის გარანტია - კობახიძე ამერიკელ სენატორს შეხვდა

კობახიძე
30.05.25 13:05
451

"ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, სენატორ სტივ დეინსს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციით გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს ურთიერთობებს, საქართველოს როლს რეგიონში, ასევე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას.

"პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისა და სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის, რომელიც კონკრეტულ გზამკვლევს დაეფუძნება და ხელშესახებ შედეგებს მოუტანს ორივე ქვეყანას. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში, ასევე ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო პარტნიორებს სთავაზობს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს, მრავალმილიონიან ბაზრებზე წვდომის კუთხით.

შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილია პოლიტიკური სტაბილურობა და საქართველოს ხელისუფლება ამის გარანტია", - ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.

"ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა აშშ-ის სენატორ სტივ დეინსთან, განვიხილეთ საქართველო-აშშ-ის ძლიერი პარტნიორობა, ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელ X-ში წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კონტექსტს.

კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩემი მთავრობის მტკიცე პოზიცია, რომ მზად ვართ, გადაიტვირთოს და განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან მკაფიო და ქმედით გზამკვლევზე დაყრდნობით, რომელიც რეალურ სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას.

საქართველო რჩება სანდო პარტნიორად, რომელიც პარტნიორებს სტრატეგიულ შესაძლებლობებს და მრავალმილიონიან ძლიერ ბაზრებზე წვდომას სთავაზობს“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები