"საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ შექმნა მყარი საფუძველი საქართველოს ევროპული მომავლის შეუქცევადობისთვის და ის მტკიცედ რჩება ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული ვალდებულებების ერთგული 2014 წლის შემდეგ, რაც ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას" - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა უნგრელ კოლეგასთან, პიტერ სიიარტოსთან შეხვედრის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი ევროინტეგრაციაა, რასაც ქვეყნის ისტორია, იდენტობა და ქართველი ხალხის ნება განაპირობებს. მინისტრის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ცალკეული ძალები ცდილობენ აღნიშნული საკითხის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას.
"შიდა და გარე აქტორი ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხს მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებს. ევროპული მომავალი, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, საზოგადოებაში პოლარიზაციის გასაძლიერებლად და ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის დამატებითი საფრთხის შესაქმნელად გამოიყენება" - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, როდესაც საქმე ეხება ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობას, მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობა ურთიერთპატივისცემაზე იყოს დაფუძნებული.
"ჩვენ ვაფასებთ პარტნიორობას ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან. ასევე იმედი გვაქვს, რომ ეს პარტნიორობა ურთიერთპატივისცემას ეფუძნება. სამწუხაროდ, ეს ყოველთვის ასე არ ხდება. მინდა მადლობა გადავუხადო უნგრეთს საქართველოს სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტისა და დემოკრატიის პატივისცემისთვის. შეშფოთებას იწვევს იმის ხილვა, თუ რა მასშტაბისაა განზრახვა, არ მოხდეს ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანის ლეგიტიმაცია.
მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს, საქართველოს 2 მილიონზე მეტმა მოქალაქემ თავისი პოლიტიკური არჩევანი უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების თანდასწრებით გააკეთა, არჩევნებთან დაკავშირებული სპეკულაციები არ წყდება.
ასევე საგანგაშოა ის დიდი ზეწოლა, რომელსაც გარკვეული აქტორები ახორციელებენ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებზე, მათ დამოუკიდებელ საქმიანობაზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით. ყოველივე ეს ძირს უთხრის საერთაშორისო ინსტიტუტების რეპუტაციას და ასევე სერიოზულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიის განვითარებას" - განაცხადა მინისტრმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ მომავალ კვირას ევროპელი ლიდერები საქართველოზე მსჯელობისას ობიექტურ რეალობას დაემყარებიან და ისე მიიღებენ გადაწყვეტილებას. მან მტკიცე მხარდაჭერისთვის კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა უნგრეთს და გამოთქვა მზაობა მჭიდრო თანამშრომლობისთვის.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში მაკა ბოჭორიშვილი უნგრეთში პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფება.