მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელისუფლებას უკან დაახევინებს იმ ხალხის ძალა, რომელიც რუსთაველზე დგას - ბიზნესმენი

ხალხი

„ქართული ლუდის კომპანიის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი ხელისუფლებას ურჩევს, „რუსული კანონი“, კიდევ ერთხელ, უკან გაიწვიოს. „ახალგაზრდებთან ბრძოლა კარგს არაფერს მოუტანს ქვეყანას და მით უმეტეს ხელისუფლებას“, - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას.

„რუსთაველზე დგას თაობა, რომელიც თვითორგანიზებულია და თუ ხელისუფლებას ჰგონია, რომ ახალგაზრდობას დაღლის, ძალიან ცდება, თავად დაიღლებიან. ახალგაზრდებთან ბრძოლა კარგს არაფერს მოუტანს ქვეყანას და მით უმეტეს ხელისუფლებას. მინდა, ვურჩიო მათ, ეს კანონი, როგორც შარშან, სასწრაფო წესით გაიწვიონ უკან და ქვეყანას სტაბილური განვითარების შესაძლებლობა მისცენ. ჩვენ დღეს მივდივართ მდინარის საწინააღმდეგოდ, როცა მეგობრები ამერიკიდან თუ ევროპიდან - რომელთა დიდი ძალისხმევის შედეგად ჩვენი ქვეყანა წუმპიდან ამოვიდა, სადაც ჩვენ ვიყავით მრავალი წლის განმავლობაში - გვეუბნებიან, არ მივიღოთ ეს კანონი; ამერიკელების და ევროპელების დახმარება რომ არა, წარმოგიდგენიათ, სად იქნებოდა საქართველო?! თუ დღეს სახელმწიფო გვაქვს, ეს მათი ფინანსური დახმარების თუ ინტელექტუალური მხარდაჭერის შედეგია. დღეს ისინი გვირჩევენ, რომ დამაზიანებელია ეს კანონი ჩვენი სახელმწიფო წყობისთვის, მაგრამ უარს ვეუბნებით და ლმობიერი დამოკიდებულება მხოლოდ ჩრდილოელი მეზობლის მიმართ გვაქვს, ეს ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს“, - აცხადებს ცეზარ ჩოჩელი.

ბიზნესმენის აზრით, მმართველ ძალას უკან ხალხის ძალას დაახევინებს.

„ოღონდ ის „ხალხის ძალა“ - არა, თვითონ რომ ჰყავთ, არამედ იმ ხალხის ძალამ, რომელიც რუსთაველის გამზირზე დგას. 30 წლის განმავლობაში არ მახსენდება ხელისუფლება, რომელმაც საბოლოოდ ხალხს მოუგო. დღეს ყველაზე მეტ ოპტიმიზმს ვხედავ ახალგაზრდებში. ამაყი ვარ, რომ გავზარდეთ თაობა, რომელიც ჩვენზე უკეთესია, ჩვენზე გონიერები არიან და მათ უკან ვერავინ დაახევინებს. ყველას ვურჩევდი, ამ თაობას დავუდგეთ გვერდით. ისინი იბრძვიან არა თავიანთი თავისთვის, არამედ მომავლისთვის. ისინი იბრძვიან ყველასთვის - პარლამენტარებისთვის, ბიზნესმენებისთვის, რათა ნორმალური სახელმწიფო გვქონდეს“, - განაცხადა ცეზარ ჩოჩელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები