ევროკომისიამ დღეს EU-ს კანდიდატი ქვეყნების შესახებ გაფართოების ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში დემოკრატიული ვითარების გაუარესებას ეთმობა და აღნიშნულია, რომ როგორც ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ დაასკვნა საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესი "დე ფაქტო გაჩერებულია", ხოლო 2025 წელს კი დამატებით დემოკრატიის თვალსაზრისით საქართველოში "მნიშვნელოვანი უკუსვლა" ფიქსირდება და საქართველო კანდიდატის სტატუსის მხოლოდ "სახელწოდებას" ინარჩუნებს.
ანგარიშის მიხედვით, ეკონომიკური რეფორმების თვალსაზრისით პროგრესი ბოლო ერთი წლის განმავლობაში "შეზღუდული" იყო. მიუხედავად უკანასკნელ წლებში არსებული კარგი ეკონომიკური ზრდისა, ევროკომისია ხაზს უსვამს, რომ ქვეყნის შიდა პოლიტიკური ვითარება და ხელისუფლების ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესის შეჩერება 2028 წლამდე, ბიზნესგარემოსთვის მაღალი გაურკვევლობის წყაროდ იქცა.
ანგარიშის თანახმად, საქართველოს მაკროეკონომიკური პოლიტიკა მთლიანობაში შესაბამისობაშია საბაზრო მოთხოვნებთან, თუმცა შრომის ბაზარზე სტრუქტურული პრობლემები რჩება - დასაქმების დონე კვლავ დაბალია, ხოლო რეგიონებს შორის უთანასწორობა შესამჩნევად მაღალია. გარდა ამისა, კვლავ მაღალია ეკონომიკის არაფორმალური სექტორი.
ევროკომისია აღნიშნავს, რომ ქვეყნის ფისკალური მართვის რეფორმირების მიმართულებით ცვლილებები ნელა მიმდინარეობს. EU-ს თანახმად, ბოლო ერთ წელში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების რეფორმა და საბიუჯეტო ზედამხედველობის გაძლიერება თითქმის არ წასულა წინ. რეკომენდაციების მიხედვით, საქართველომ უნდა გააძლიეროს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა, ასევე საგადასახადო შეღავათების თვალსაზრისით გაატაროს უფრო ეფექტიანი პოლიტიკა.
ინვესტორების განწყობა ანგარიშში შეფასებულია როგორც დამძიმებული. ევროკავშირის გზიდან გადახვევა და პოლიტიკური დაძაბულობა ზრდის რისკებს კერძო სექტორისთვის. დოკუმენტის მიხედვით, ეს გადაწყვეტილება "მნიშვნელოვან გაურკვევლობას ქმნის ბიზნესისთვის“ და ასუსტებს ნდობას საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკისადმი.
ევროკომისია ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად მაკროეკონომიკური სტაბილურობისა, სასამართლო სისტემის პოლიტიზაცია, რეგულაციების არაპროგნოზირებადობა და ანტიკორუფციული ბიუროს პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ინვესტორების ნდობას მნიშვნელოვნად აზიანებს. უცხოელი ინვესტორები განსაკუთრებით ფრთხილობენ კაპიტალის წარმომავლობისა და სანქციების შესაძლო გვერდის ავლის რისკების გამო.
ტრანსპორტის სფეროში დოკუმენტი გარკვეულ პროგრესს აფიქსირებს — საქართველომ დაიწყო ევროკავშირის დირექტივებთან დაახლოება სახიფათო ტვირთების გადაზიდვაში, შექმნა რკინიგზის ავარიების ეროვნული საგამოძიებო ორგანო და დანერგა საზღვაო ერთიანი ფანჯრის სისტემა ყველა პორტში. თუმცა, ევროკომისია მოუწოდებს ხელისუფლებას, გააძლიეროს საგზაო უსაფრთხოება და შეამციროს ავარიებისა და გარდაცვალების მაჩვენებლები.
ენერგეტიკის მიმართულებით მცირე წინსვლა აღინიშნა - განსაკუთრებით გადამცემი სისტემის ოპერატორების განცალკევების პროცესში და გაზის უსაფრთხოების რეგულაციებთან ჰარმონიზაციის კუთხით.
ევროკომისია ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად პოლიტიკური გაურკვევლობისა, მაღალია საჯარო ინვესტიციების მოცულობა, განსაკუთრებით სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, რაც ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ მამოძრავებელ ფაქტორად რჩება.
ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან კვლავ შეზღუდულია, ხოლო ექსპორტის მოცულობა ევროკავშირის ბაზარზე მცირდება. დოკუმენტი რეკომენდაციას აძლევს ხელისუფლებას, ხელი შეუწყოს მაღალი დამატებული ღირებულების პროდუქციის განვითარებასა და ექსპორტის დივერსიფიკაციას.
საერთო ჯამში, ანგარიში ასკვნის, რომ ქვეყნის მაკროეკონომიკური ჩარჩო კვლავ მყარია, თუმცა პოლიტიკური არასტაბილურობა და ინსტიტუციური სისუსტეები ინვესტორების ნდობას ამცირებს და ეკონომიკური ზრდის მდგრადობას საფრთხეს უქმნის.




























