საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ხელისუფლების დანაშაული და სრული უპასუხისმგებლობაა პირადი ანგარიშსწორების კალაპოტში მოვლენების გადატანა.
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და სავარაუდოდ, ეხმაურება ასევე, ყოფილ პრემიერზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმის ფაქტს.
"ხელისუფლების წარმომადგენელთა თუ მათი მომხრეების მხრიდან კანონის ჩარჩოდან გასვლის ბოლო ინციდენტები ზრდის ქვეყანაში არეულობის და სამოქალაქო დაპირისპირების რისკს. რაოდენ მიუღებელიც უნდა იყოს ამა თუ იმ ოპონენტის ქმედება, საბოლოოდ მაინც ხელისუფლების დანაშაული და სრული უპასუხისმგებლობაა პირადი ანგარიშსწორების კალაპოტში მოვლენების გადატანა. ამაზე ყველას გვმართებს დაფიქრება და ისევ და ისევ, პირველ რიგში მათ, ვის ხელშიცაა ძალაუფლება", - წერს გიორგი კვირიკაშვილი.