ხელნაკეთი პასტის რესტორანი „პასტაჩი“, რომელიც საქართველოში სამი წელია ოპერირებს, საერთაშორისო ბაზარზე გადის და უახლოეს პერიოდში ფრენჩაიზით დუბაისა და თურქეთში ახალი ფილიალების გახსნას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა, საიდა ჯაფაროვმა განაცხადა.
მისი თქმით, ორივე საერთაშორისო ბაზარზე გაფართოების პროცესი უკვე აქტიურ ეტაპზეა გადასული და კომპანიას კონკრეტული ვადებიც განსაზღვრული აქვს: "თურქეთში მოლაპარაკებები და ფართის მოძიების ეტაპიც თითქმის უკვე დასრულებულია და იქ გახსნას მაქსიმუმ 4-5 თვე დასჭირდება. ხოლო, დუბაიში ფართის ძიების ეტაპზე ვართ და მაქსიმუმ ერთი წელი დაგვჭირდება იმისთვის, რომ ამ ბაზარზეც გავხსნათ ფილიალი", - აცხადებს ჯაფაროვი.
კომპანიის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო გაფართოების გადაწყვეტილება უცხოელი მომხმარებლების მხრიდან ინტერესის ზრდამ განაპირობა.
„ჩვენს რესტორანს სტუმრობენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მომხმარებლები - არაბი, უკრაინელი, ასევე ხშირად გვყავს სტუმრები ამერიკიდანაც. სწორედ ეს მრავალფეროვანი და მზარდი ინტერესი გვაძლევს დამატებით მოტივაციას, რომ ბრენდი სხვა საერთაშორისო ბაზრებზეც გავიტანოთ“, - ამბობს ის.
რაც შეეხება შიდა ბაზარს, ჯაფაროვის შეფასებით, ბოლო პერიოდში ტურისტული ნაკადების ზრდის ტემპი გარკვეულწილად შენელებულია, თუმცა ეს საერთო მოთხოვნაზე უარყოფითად კრიტიკულად არ ასახულა და კომპანია მაინც ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. ჯაფაროვის განმარტებით, 2023-2024 წლებში დაფიქსირებული სწრაფი ზრდა, რომელიც ძირითადად ტურისტულ ნაკადებზე იყო დამოკიდებული, ახლა უფრო სტაბილურ ფაზაში გადავიდა. თუმცა, მისი თქმით, მოთხოვნა შენარჩუნებულია და ამაში მნიშვნელოვან როლს უკვე ადგილობრივი მომხმარებელი თამაშობს, რაც ბიზნესს სტაბილურობას უნარჩუნებს.
ცნობისთვის, „პასტაჩი“ ქართულ ბაზარზე უკვე სამი წელია ოპერირებს. პირველი ფილიალი თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე გაიხსნა, ხოლო დღეს ბრენდი სამ ლოკაციაზეა წარმოდგენილი - ორი თბილისში (აღმაშენებლის გამზირი და რუსთაველის გამზირი) და ერთი ბათუმში. რესტორანი მომხმარებლებს ავთენტურ იტალიურ კერძებს სთავაზობს და გამოირჩევა ადგილზე, ტრადიციული მეთოდით დამზადებული ხელნაკეთი პროდუქტებით. დასაქმებულთა რაოდენობა სეზონის მიხედვით 25-დან 40-მდე მერყეობს.




























