მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხელნაკეთი საპონი, სუნამო... - ქართულ ბაზარზე ახალი ქართული ბრენდი “მირელი” გამოჩნდა

მირელი

ქართულ ბაზარზე ახალი ქართული ბრენდი “მირელი” გამოჩნდა. ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ მცირე ბიზნესის დამფუძნებლებმა ნატალია მელქაძემ და მარიკა ბახტაძემ ისაუბრეს.

როგორც მათ BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრეს, “მირელი” ბიო კოსმეტიკის მწარმოებელი მცირე ბიზნესია, რომელიც მომხმარებელს ხელნაკეთ საპონსა და სუნამოს სთავაზობს. ბრენდის შექმნამდე ისინი პროდუქციას პირადი საჭიროებისთვის ქმნიდნენ, თუმცა წელს გამოცხადებულმა დაფინანსების პროგრამამ იდეა მალე საქმიან პროექტად აქციეს

ნატალია მელქაძე ამბობს, რომ ბიზნესი ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა და უახლოეს მომავალში საპონისა და სუნამოს ხაზს, სამკურნალო ხაზიც დაემატება.

„საქართველო სამკურნალო მცენარეებით უხვად არის ცნობილი. სწორედ ამ ბუნებრივ რესურსზე, ბებიების რეცეპტებზე და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმაზე დაფუძნებით შევქმენით პროდუქცია, რომელიც მომხმარებელს ბუნებრივ და ეკომეგობრულ ალტერნატივას სთავაზობს“, - ამბობს მელქაძე.

დღეს „მირელის“ პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს ხელნაკეთ სურნელოვან საპნებსა და ბუნებრივ სუნამოებს. თუმცა, გუნდი უკვე მუშაობს ახალ ხაზზე, რომელიც აკნესა და ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილ სამკურნალო პროდუქტებს სთავაზობს. გარდა ამისა, დაგეგმილია თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნის და ტანის მოვლის საშუალებების გამოშვება.

მარიკა ბახტაძე ეთერში ამბობს, რომ ბრენდის მთავარი უპირატესობა სწორედ ინგრედიენტების ბუნებრივი წარმოშობაა : „არ ვიყენებთ ქიმიურ დანამატებს. ყველა პროდუქტი ხელით მზადდება და ძირითად ინგრედიენტებს თავადვე ვაგროვებთ. ესენია სამკურნალო მცენარეები, ეთერზეთები და ნატურალური ზეთები, რაც ადგილობრივად, საქართველოში მოიპოვება. ამასთან, გვინდა, რომ ეს ხელნაკეთი ხაზი შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო განვავითაროთ“, - აღნიშნავს ის.

ამ ეტაპზე „მირელის“ პროდუქცია ძირითადად სოციალური პლატფორმებითა და ინდივიდუალური შეკვეთებით იყიდება და წყალტუბოს მასშტაბით ვრცელდება. თუმცა, თანადამფუძნებლების თქმით, უახლოეს მომავალში იგეგმება გაფართოება - რეგიონში სასტუმროებთან და სპა რეზორტებთან თანამშრომლობა, რაც ბუნებრივ კოსმეტიკაზე მზარდი მოთხოვნის ფონზე რეალურ პერსპექტივად მიაჩნიათ.

გარდა კომერციული საქმიანობისა, „მირელის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანია ცოდნის გაზიარება. ბახტაძის განმარტებით, სამომავლო პერსპექტივაში სივრცის შექმნა იგეგმება, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს მასტერკლასებს ჩაუტარებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები