"როდესაც გვაქვს განსხვავებები, ნათქვამ სიტყვასა და ქცევას შორის, ეს ჩემში იწვევს გაკვირვებას" - ასე შეაფასა კულტურისა და სპორტის მინისტრმა ხელოვანთა ნაწილის პროტესტი "რუსული კანონის" მიმართ, რომელიც მინისტრის აზრით ცალსახად ქართულია.
მისი თქმით, ჩამოყალიბდა ტენდენცია, როცა "ქართული ოცნების" მომხრეების გარდა, ყველას აქვს აზრის ნებისმიერი ფორმით დაფიქსირების უფლება.
"უკვე მრავალი წელია რატომღაც ითვლება, რომ ყველა სხვას აქვს აზრის გამოხატვის უფლება უხეშად, ყველა სხვას აქვს უფლება დააბულინგოს ქართული ოცნების მომხრეები და წარმომადგენლები და მხოლოდ ჩვენ არ გვაქვს უფლება გულში გავივლოთ და მით უფრო, გამოვხატოთ ეს აზრი. მე მინდა გაგიწბილოთ ეს იმედი და ვთქვა, ჩვენც გვაქვს უფლება ვთქვათ ის, რასაც ვფიქრობთ და მე ვფიქრობ იმას, რომ რომელიმე კონკრეტული ხელოვანი თუ თვლის, რომ ყველაფერი რუსული მიუღებელია, ის არ უნდა მღეროდეს რუსეთში, ან თავს იკავებს საპირისპირო პოზიციაზე საუბრისგან. როდესაც გვაქვს განსხვავებები, ნათქვამ სიტყვასა და ქცევას შორის, ეს ჩემში იწვევს გაკვირვებას და ამას ვამბობ იმ ფორმით, რა ფორმითაც მიმაჩნია საჭიროდ. სხვა მხრივ, რა თქმა უნდა ხელოვანნი არიან თავისუფალნი. ისიც მესმის, რომ არსებობს გაღიზიანება იმასთან დაკავშირებით, რომ ხელოვანთა უმრავლესობა დღეს არის ხელოვნებით დაკავებული და არ აკრიტიკებს კანონს, რომელსაც არაფერი აქვს რუსული. ეს არის ქართული კანონი", - განაცხადა თეა წულუკიანმა და დასძინა, რომ კანონის საწინააღმდეგო აზრი სფეროში მოქმედი თეატრებიდან მხოლოდ რამდენიმემ დააფიქსირა.