საქართველოს კულტურის სამინისტრო მუშაობს კანონპროექტზე „თეატრების შესახებ“. საქმე ის არის, რომ საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა მიმდინარე წლის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმა და აღნიშნული ცვლილებებიც სწორედ იქ არის დაანონსებული.
როგორც გამოქვეყნებულ გეგმაში წერია, ახალი კანონის მიღების აუცილებლობა იმან განაპირობა, რომ რეგულაციის მიღმა რჩება თეატრების გარკვეული ნაწილი, რაც არათანაბარ სამართლებრივ და ფინანსურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში აყენებს მათ. შესაბამისად, კანონპროექტით ფართოვდება მისი რეგულირების სფერო და იგი გავრცელდება საქართველოში მოქმედ ყველა თეატრზე.
დოკუმენტის თანახმად, კანონპროექტის მომზადება განპირობებულია საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი თეატრების საქმიანობის წესის, ასევე მათ დაფუძნებასთან, ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სამართლებრივი, სოციალური და ფინანსურ-ეკონომიკური ურთიერთობების, თეატრალურ სფეროში მოღვაწე ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლება-მოვალეობების, თეატრების სახელმწიფო მხარდაჭერის ფორმების დაზუსტების, სრულყოფისა და დარგში არსებულ საჭიროებებთან შესაბამისობაში მოყვანის საჭიროებით.
დოკუმენტში წერია, რომ კანონპროექტი მიზნად ისახავს შემდეგი ძირითადი საკითხების ახლებურად რეგულირებას:
- თეატრების კატეგორიებისა და ტიპების განსაზღვრა და ამასთან დაკავშირებული თანმდევი საკითხების რეგულირება;
- თეატრების მართვის საკითხების დაზუსტება;
- თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელისა და დირექტორის უფლებამოსილებათა გამიჯვნა და დაზუსტება;
- თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და დირექტორის დანიშვნისა და გათავისუფლების წესის დაზუსტება, მათი უფლებამოსილების ვადის ახლებურად განსაზღვრა;
- თეატრების სახელმწიფო დაფინანსების წესის განსაზღვრა;
- თეატრების ანგარიშგებისა და მონიტორინგის საფუძვლების განსაზღვრა;
- თეატრისა და თეატრის შემოქმედებითი პერსონალის შრომითი ურთიერთობების დარეგულირება;
- კერძო თეატრების ხელშეწყობის მექანიზმების გაძლიერება და საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრა;
- განსაკუთრებული საჭიროების მქონე თეატრებისა და საბავშვო თეატრების მხარდაჭერის მექანიზმების შექმნა;
- კერძო თეატრების ხელშეწყობის მექანიზმების განსაზღვრა, როგორიცაა მათი დაფინანსებისა და სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობის ფორმატის განსაზღვრა, მათთვის სახელმწიფო თეატრების სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების გამარტივებული წესით გადაცემა და სხვ.
„მოქმედი კანონი ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პროფესიულ თეატრებზე. შესაბამისად, სათანადო რეგულაციის მიღმა რჩება თეატრების გარკვეული ნაწილი, რაც არათანაბარ სამართლებრივ და ფინანსურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში აყენებს მათ. შესაბამისად, კანონპროექტით ფართოვდება მისი რეგულირების სფერო და იგი გავრცელდება საქართველოში მოქმედ ყველა თეატრზე“, - წერია დოკუმენტში.