მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტირებისთვის 3.6 მილიონლარიანი ტენდერი გამოცხადდა

ხელოვნების მუზეუმი

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისში მდებარე საქართველოს ეროვნული მუზეუმის, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობისა და მისი მეორე კორპუსის რესტავრაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად კონკურსი გამოაცხადა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3.61 მილიონ ლარს შეადგენს დღგ-ის გარეშე. წინადადებების მიღება 18 ივლისს დაიწყება და 23 ივლისს დასრულდება.

საკონკურსო დოკუმენტაციის თანახმად, პროექტირება შეეხება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ისტორიულ შენობას, რომელსაც ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, ასევე მუზეუმის მეორე კორპუსს. გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა მოამზადოს ობიექტების სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელიც შემდგომი სარეაბილიტაციო სამუშაოების საფუძველი გახდება.

დოკუმენტაციის მიხედვით, მომსახურების შესრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 კალენდარული თვეა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის „კულტურულ-საგანმანათლებლო დანიშნულების ინფრასტრუქტურის განვითარების“ პროგრამის ფარგლებში.

კონკურსის პირობებით, მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო კონცეფცია, რომელიც მოიცავს შენობის რეაბილიტაციის მეთოდოლოგიის აღწერას, არქიტექტურულ გადაწყვეტებს, ფოტომონტაჟებსა და 3D ვიზუალიზაციებს. შეფასებისას ხარისხობრივ კრიტერიუმებს 80%-იანი, ხოლო ფასს 20%-იანი წონა მიენიჭება.

პრეტენდენტებს ასევე მოეთხოვებათ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე და ფართომასშტაბიან საზოგადოებრივ შენობებზე მუშაობის გამოცდილება. კერძოდ, კომპანიას 2015 წლიდან უნდა ჰქონდეს შესრულებული როგორც მინიმუმ ერთი პროექტი კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე და ერთი პროექტი არანაკლებ 5 000 კვადრატული მეტრის ფართობის საზოგადოებრივი დანიშნულების შენობის ან მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ან რეკონსტრუქციისთვის.

შესყიდვის ფარგლებში გამარჯვებული კომპანია ასევე ვალდებული იქნება უზრუნველყოს პროექტის შემუშავებაში კულტურული მემკვიდრეობის, რესტავრაციის, კონსტრუქციული პროექტირების და მუზეოგრაფიის სფეროს სპეციალისტების მონაწილეობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები