მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელოვნური ინტელექტი და მისი მასობრივი დანერგვა

ხელოვნური ინტელექტი
03.02.24 18:28
802

ბლოგის ავტორი: ირაკლი ლაითაძე

"ამოვიყვანეთ რა კაცობრიობა გადარჩენისთვის ბრძოლის ნადირული დონიდან, ჩვენ ახლა ვცდილობთ მის ზრდას Homo Sapiens-დან Homo Deus-მდე,"- იუვალ ნოა ჰარარი

ცოტა ხნის წინ ჟურნალ The Economist-ში გამოქვეყნდა სტატია ხელოვნურ ინტელექტზე, რომელიც საკმაოდ კონტრინტუიტიურია. არა, არავის შეაქვს ეჭვი ხელოვნური ინტელექტის (AI) პოტენციალში. საქმე ეხება მის გარდამქნელ ძალას და დროში ამოქმედებას ეკონომიკაში.

ბევრი ეკონომისტის აზრით, AI დიდი კომპონენტია მსოფლიოს ეკონომიკის ზრდისთვის. ამავე დროს, ასეთი ტრანსფორმაციისთვის საჭიროა მასიური ინვესტიციები სოფტში, კომუნიკაციებში, აღჭურვილობაში და ქარხნებში ანუ საჭიროა ის, რასაც ჰქვია კაპიტალური ხარჯი (კაპექსი). თუმცა, დღეს თითქმის ყველგან მთელ მსოფლიოში ეს ხარჯი შესამჩნევად მცირეა.

2023 წლის მარტისთვის ანუ იმ დროისთვის, როდესაც საჯაროდ გაუშვეს OpenAI-ის GPT-4, კაპექსის ზრდა მსოფლიოში შეადგენდა 3%-ს. წელს, სავარაუდოდ, Microsoft-ის და Nvidia-ს კაპექსის ხარჯი იქნება შესაბამისად 20% და 30%, მაგრამ ეს კომპანიები არიან AI-ის კვლევის მამოძრავებლები. გამოვრიცხოთ კომპანიები, რომლებიც უშუალოდ AI-ზე მუშაობენ. S&P-ის დანარჩენი კომპანიები 2024 წელს ჯამურად აპირებენ კაპექსის გაზრდას მხოლოდ 2.5%-ით ანუ ინფლაციის პროპორციულად მხოლოდ. ასევე ცხადია, რომ კაპექსის ეს 2.5%-იანი ზრდა მხოლოდ AI-ზე არ იქნება დახარჯული და მოხმარდება არსებული აღჭურვილობის განახლებას და ახალი ანალოგების შეძენას. S&P კომპანიების მიღმა, კაპექსის ზრდის სურათი კიდევ უფრო მკრთალია. იგივე ტენდეციაა სამთავრობო ხარჯვაში. OECD-ის მონაცემებით, ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების კაპექსი უფრო დაბალ ნიშნულზეა, ვიდრე კოვიდის პანდემიის წინა პერიოდში. იგივე ტენდენციას ადასტურებს JPMorgan Chase-ის მონაცემები, ოღონდ მსოფლიო მასშტაბით. კაპექსის დაბალი მაჩვენებელით შეიძლება აიხსნას თუ რატომ არის დღეს პროდუქტიულობის დაბალი ზრდა მსოფლიოში.

ცალკეული ქვეყნის მაგალითები შეიძლება გამონაკლისი იყოს. მაგალითად, კაპექსის რამდენიმეწლიანი სტაგნაციის შემდეგ, იაპონიაში მოსალოდნელია მისი მკვეთრი ზრდა. თუმცა ამას განსაზღვრავს ამ კონკრეტული ქვეყნის სპეციფიკა, კერძოდ კი კორპორტიული და სამთავრობო ეკონომიკური რეფორმები. ევროკავშირის ქვეყნებში სურათი საკმაოდ პესიმისტურია. ჯამურად, 2024 წელს, სავარაუდოდ კორპორატიული სექტორი აპირებს კაპექსის ორჯერ ნაკლებ ხარჯვას, ვიდრე 2022-ში. დიდ ბრიტანეთის 2024-ის მაჩვენებლი კაპექსში თითქმის ემთხვევა S&P-ის კომპანიების (ტექნოლოგიური კომაპნიების გამოკლებით) ზემოთ ხსენებულ ინდიკატორს - 3%.

ასეთი ტენდენცია ორი რამის მაჩვენებელია. პირველი - გენერატიული AI გაბანკროტებული ამბავია. იგი არის ტექნოლოგიური სიახლე და სიმძლავრე, რომელიც ინდუსტრიებმა, სხვადასხვა მიზეზით (მათ შორის ფინანსური) არ აიტაცეს. დიდი ტექნოლოგიურ კომპანიებსთვის რთულია იპოვონ მომხმარებელებლები თავიანთი პროდუქტებისათვის, რომელთა გამოგონებასა და განვითარებაში ათეულობით მილიარდი აშშ დოლარი დახარჯეს. უახლოეს ეკონომიკურ ისტორიაში ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ტექნოლოგიურმა კომპანიებმა (ძალიან) გადაჭარბებით შეაფასეს თავისი ინოვაცია - გავიხსენოთ მეტავერსი.

მეორე ახსნა ნაკლებად პესიმისტურია და ალბათ, უფრო სარწმუნოც არის. ახალი, ხშირად გენერალური დანიშნულების ტექნოლოგიის მასიური მიღება წარმოებასა და სერვისში მიდრეკილია ცოტა ხანგრძლივობისკენ. Microsoft-მა თავისი მძლავრი (იმ დროისთვის) და მომხმარებლისთვის მოსახერხებელი საოპერაციო სისტემა გამოუშვა 1995 წელს, მაგრამ, ამერიკულ კომპანიებს დასჭირდათ 3-4 წელი (ხოლო მსოფლიოში უფრო მეტიც), ვიდრე Windows 95-ს მასიურად დანერგავდნენ.

Goldman Sach-ის კვლევის მიხედვით, კორპორაციების გენერალური დირექტორების მხოლოდ 5% ფიქრობს, რომ AI-ის ექნება რამე სერიოზული გავლენა მათ ბიზნესზე უახლოეს 1-2 წელიწადში. ამავე კვლევის თანახმად, გენერალური დირექტორების უკვე 65% ფიქრობს, რომ AI-ის ექნება გავლენა მათ ბიზნესზე უახლოეს 3-5 წელიწადში. თუმცა ეს ასევე ნიშნავს, რომ რჩება ზედა (Top) მენეჯმენტის 30%, რომელიც ფიქრობს, რომ AI-ის არ ექნება გავლენა მათ კომერციულ საქმიანობაზე საშუალოვადიან პერსპექტივაში.

ჟურნალი The Economist ასკვნის, რომ საბოლოოდ, ხელოვნურ ინტელექტი შეასრულებს როლს ეკონომიკის შეცვლაში, თუმცა ეს არ მოხდება დაუყოვნებლივ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები