ავტორი: სალომე ზაალიშვილი
Midjourney-ს [გამოსახულების მაგენერირებელი AI პროგრამა] ბაზარზე გამოჩენის შემდეგ, ტექსტსა და გამოსახულებაზე დაფუძნებული AI ტექნოლოგია სულ უფრო ხშირად გვხვდება ონლაინ თუ რეალურ ცხოვრებაში. ზუსტად როგორ მოქმედებს AI ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, სამუშაო ადგილების სტაბილურობაზე და კრეატიულ შესაძლებლობებზე. რა დგას დამაბნეველი ტექნოლოგიური ტერმინების მიღმა, ჩაანაცვლებს AI ადამიანს?!

Midjourney-ს პირველი ვერსიის საშუალებით გენერირებული გამოსახულება
ადამიანი VS ხელოვნური ინტელექტი - სად მთავრდება AI-ს შესაძლებლობები
დღეს, მონაცემების შეგროვების, ანალიზის, განმეორებადი ნიშნულების აღმოჩენის და პროგნოზირების უფრო ეფექტური საშუალება გვაქვს AI-ის სახით, ეს ნამდვილად პოზიტიური ცვლილებაა, თუმცა კითხვები მაშინ ჩნდება, როდესაც ადამიანის კრეატიულობას ვეხებით. დღეს არსებული ხელოვნური ინტელექტი არის კომპიუტერული მოდელი; AI-ს არ შეუძლია ფიქრი და მას არ აქვს ემოციები, მიღებულ დავალებას მხოლოდ დამუშავებულ მონაცემებზე დაყრდნობით ასრულებს.
კითხვაზე - შეუძლია თუ არა AI პროგრამებს სრულიად ჩაანაცვლოს ადამიანის კრეატიულობა, პასუხი კომპლექსურია. ტეო ომთციგთმა, Lemurian Lab-ის მთავარმა ტექნოლოგიურმა ოფიცერმა 2023 წელს ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯერ არ ვიცით ზუსტად როგორ მიმდინარეობს შემოქმედებითი პროცესი ადამიანის გონებაში, აქედან გამომდინარე, ამ მახასიათებლის ხელოვნურ სისტემაში დანერგვა რთულია.
რეალურად, AI-ს საშუალებით, შეუძლებელია შევქმნათ ის, რაც ადამიანის ფანტაზიის ნაყოფი არაა. მისი განვითარებისთვის აუცილებელია, რომ ადამიანებმა შემოქმედება გააგრძელონ, AI პროგრამისთვის ხელმისაწვდომ მონაცემთა ბაზას თუ პერიოდულად არ განვაახლებთ, ის დროს ჩამორჩება.

გენერაციული AI-ს ადაპტაციის ნიშნული სხვადასხვა ინდუსტრიაში, ამერიკის შეერთებული შტატები,
2023 წლის მონაცემები
Statista
სფეროს ექსპერტები გვარწმუნებენ, რომ AI ვერ შეძლებს ადამიანის ჩანაცვლებას კრეატიულ სფეროებში, თუმცა ვარაუდობენ, რომ გენერაციული AI მოდელები სერიოზულ ცვლილებებს გამოიწვევენ მთელ რიგ ინდუსტრიებში. Statista-ს 2023 წლის მონაცემებით, მარკეტინგის და სარეკლამო სფეროს AI-ს 37%-იანი ადაპტაციის ნიშნული ჰქონდა. World Economic Forum-ის თანახმად, მოსალოდნელია, რომ 85 მილიონი სამუშაო ადგილი ჩანაცვლდეს ხელოვნური ინტელექტით 2030 წლისთვის. ეს ცვლილება ყველაზე საგრძნობი მომხმარებელთა მომსახურების სექტორში და წარმოების ხაზზე დასაქმებული თანამშრომლებისთვის იქნება.
ხელოვნური ინტელექტის ელ.კომერციაში ინტეგრაცია - ლეგალური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები
ელექტრონული კომერცია პოზიტიურად ხვდება ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებას, რითეილ პლატფორმები უკვე რამდენიმე წელია აქტიურად ტესტავენ AI სისტემებს, თუმცა ეს პროცესი ხარვეზების გარეშე არ მიმდინარეობს.
Warner Bros. Discovery უკანასკნელი კომპანიაა, რომელმაც სასამართლო დავა წამოიწყო საავტორო უფლებების დარღვევის ბრალდებით. Warner Bros. Discovery კალიფორნიის სასამართლოში 4 სექტემბერს შეტანილ სარჩელში აცხადებს, რომ კომპანია Midjourney ხელოვნური ინტელექტის მოდელის ტრენინგისთვის Warner Bros. Discovery-ის საავტორო უფლებებით დაცულ მასალას იყენებს. ამის საილუსტრაციოდ ათობით სურათს ურთავს სარჩელს; AI-ის საშუალებით გენერირებულ ამ სურათებში ბეტმენის, სუპერმენის, სკუბიდუს და სხვა ცნობილი პერსონაჟების ამოცნობა მარტივია.
კადრები Midjourney-ს მიერ გენერირებული ვიდეოდან
გამოსახულების მაგენერირებელი AI მოდელების უმრავლესობა დღეს კომერციულად “სახიფათოდ” მიიჩნევა. მონაცემები, რომელსაც AI აგროვებს სხვადასხვა კომპანიის ინტელექტუალური საკუთრებაა; შედეგად ბაზარზე კომერციული მიზნებისთვის გათვლილი ე.წ. AI სთოქ ბიბლიოთეკების დიდი უკმარისობაა. სასამართლო დავების და სხვა თავის ტკივილის ასაცილებლად კომპანიებმა ახალი სტრატეგია შეიმუშავეს - ხელოვნური ინტელექტის მოდელების შექმნა უკვე კომპანიის შიგნით და მხოლოდ საკუთარი მფლობელობის ქვეშ არსებული მასალის გამოყენება.

eBay-ს AI მოდელის საშუალებით “შელამაზებული” სურათი
მსხვილი მარკეტფლეისები, როგორიცაა Etsy, eBay და მიმდინარე წლის აგვისტოდან, საიტის წესებსა და პირობებში ცვლილებების შეტანით, Vinted აქტიურად იყენებენ მომხმარებლების მიერ საიტზე განთავსებულ მასალას AI მოდელების ტრენინგისთვის, ჯერ არ ვიცით ზუსტად რა სახით გამოიყენებენ პლატფორმები ამ რესურსს, თუმცა მომხმარებლებისთვის პროდუქტის შეთავაზების და არსებული სურათების AI-ს საშუალებით შელამაზების პრაქტიკა უკვე არსებობს. Dyson - საყოფაცხოვრებო პროდუქტის ბაზრის გიგანტი აქტიურად იყენებს AI-ს მომხმარებლის მოთხოვნებს მორგებული ანოტაციის დასაწერად. AI-ს უფრო მასშტაბური ინტეგრაცია ახლო მომავალში გველოდება.
AI ბაზრის გაფართოების ახალი გზები
Getty Images
ბაზარზე ბოლო წლების განმავლობაში მთელი რიგი პლატფორმებიც გამოჩნდა რომლის მთავარი ფოკუსი გენერირებული “მხატვრობა” და გამოსახულებებია. Adobe, კომპიუტერული პროგრამების კომპანია ხელოვნური ინტელექტის აქტიურ ინტეგრაციას ეწევა, GettyImages - ვიზუალური მედია კომპანია 2023 წლიდან მომხმარებლებს ფასიან სერვისს სთავაზობს; სერვისი მოიცავს უკვე არსებული სურათების და ფოტო მასალის AI-ს გამოყენებით რედაქტირებას ან სულაც GettyImages - ს მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით ახალი გამოსახულებების შექმნას კომერციული გამოყენებისთვის.

კომპანია “Guess”-ის AI სარეკლამო კამპანია ჟურნალ “Vogue”-ის აგვისტოს გამოცემაში
AI რეკლამები მასმედიაში
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი სარეკლამო კამპანიები და ხელოვნება უკვე კომერციულ სამყაროში შემოდის, მოდების ჯურნალ “Vogue”-ის აგვისტოს გამოცემაში განთავსებულმა “Guess”-ის რეკლამამ დიდი ხმაური გამოიწვია, რადგან რეკლამაში გამოყენებული ფოტოები AI-ის საშუალებით იყო გენერირებული. სარეკლამო კამპანიამ არარეალური სტანდარტების გაჩენის და კრეატიულ ინდუსტრიებში თანამშრომლების კომპიუტერით ჩანაცვლების რეალურ საფრთხეებზე დისკუსია დაბადა, მკითხველებმა უკმაყოფილების ნიშნად გამომცემლობას ბოიკოტიც კი გამოუცხადეს, თუმცა ნეგატიური გამოხმაურების მიუხედავად, ეს კამპანია წარმატებულად შეგვიძლია ჩავთვალოთ. AI-ის საშუალებით გენერირებული მოდელი უკვე ადამიანების გვერდით გვხვდება ჟურნალის ფურცლებზე.

AI სტარტაპ “Seraphinne Vallora”-ს მიერ გენერირებული გამოსახულება “Guess”-ის მაღაზიაში
Seraphinne Vallora - ეს ის AI სტარტაპია, რომელმაც Guess-ის სარეკლამო კამპანია შექმნა. კომენტარისას თანადამფუძნებლებმა ვალენტინა გონსალესმა და ანდრეა პეტრესკუმ ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ AI მოდელები იქმნება მხოლოდ როგორც ადამიანების ალტერნატივა და არა მათი ჩანაცვლება, რომ პროცესში ნამდვილ მოდელებს იყენებენ და მსგავსი კამპანიის შექმნის პროცესი ისეთივე შემოქმედებითი პროცესია როგორც ნებისმიერი სხვა,თუმცა მათ ვებგვერდზე სხვა შინაარსის ტექსტს ვხედავთ, Seraphinne Vallora მომხმარებლებს ძვირად ღირებულ ფოტოგრაფებზე, ვიზაჟისტებზე, სტუდიებზე და მოდელებზე ფულის დაზოგვას ჰპირდება, რაც ეჭვს ბადებს, რომ დამფუძნებლების მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამება.
სად ვართ დღეს

აუდიო AI კომპანია “Wondercraft”-ის გამოკითხვის თანახმად, კრეატიულ სფეროში დასაქმებულთა 83% რაიმე სახით იყენებს AI-ს მუშაობის პროცესში. პროგნოზების თანახმად, AI-ის საშუალებით გენერირებული გამოსახულებების საერთო ბაზარი 2024 წლის მაჩვენებლიდან - 8.7 მილიარდ აშშ დოლარიდან 2030 წლისთვის 60.8 მილიარდ აშშ დოლარამდე უნდა გაიზარდოს, რაც წლიური 38.2%-იანი ზრდაა. 2022-2023 წლებში AI-ს გამოყენებით 15 მილიარდი სურათი შეიქმნა. თვალსაჩინოებისთვის ადამიანს 1826 წელს პირველი ფოტოს გადაღებიდან ათეულობით წელი დასჭირდა რომ მსგავსი ნიშნულისთვის მიეღწია.

გადაღებული ფოტოების სტატისტიკა, 1826-2011
AI ტექნოლოგიის ფართო ინტეგრაცია შედარებით ახალი პროცესია, თუმცა კრეატიულ ინდუსტრიაში არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე, სადაც დღეს არაადამიანური პროდუქტიულობა და იდეალისტური მიდგომა ბატონობს, არაა გასაკვირი, რომ დასაქმებულების უმრავლესობამ სამუშაო პროცესის გასამარტივებლად ხელოვნური ინტელექტი გამოიყენოს; AI-ს როგორც ერთგვარი კოლაბორატორის და ასისტენტის როლში გაჩენა გარდაუვალია, ხოლო რაც შეეხება ადამიანის სრულად ჩანაცვლებას, ამ რეალობას ჯერ მრავალი წელი გვაშორებს.




























