სტარტაპი Vynity არის პლატფორმა, რომელიც B2B მომხმარებლებს აძლევს საშუალებას ჰიდროელექტროსადგურების საათობრივი გამომუშავების ანალიტიკასთან პირდაპირ წვდომას და საპროგნოზო საათობრივ გამომუშავებას, როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში. პლატფორმა ჯერ სატესტო რეჟიმშია და სრული გაშვება სექტემბერში იგეგმება.
სტარტაპის თანადამფუძნებელმა, ნიკოლოზ ხაბელაშვილმა BMGTV-ს გადაცემაში "საქმიანი დილა" განაცხადა, რომ პროდუქცია გათვლილია როგორც ენერგიის მწარმოებლებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის.
მისი თქმით, პლატფორმა მაქსიმალური სიზუსტით ახდენს მონაცემების პროგნოზირებას.
"ჩვენი პროდუქტი გათვლილია როგორც ენერგიის მწარმოებლებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის. მწარმოებლებს როგორც წესი, თვიური, წლიური და დღიური მონაცემების წარმოება ევალებათ. სწორედ ამის პროგნოზირება ხდება ჩვენი პლატფორმის საშუალებით. ეს პლატფორმა სწორედ იმისთვისაა, რომ მონაცემები ავიღოთ და ზუსტად დავუპროგნოზიროთ ჩვენს მომხმარებლებს",- განაცხადა ხაბელაშვილმა.
ეთერში Vynity-ს თანადამფუძნებელი, გიორგი ჯალაღონია სტარტაპის ოფიციალურად ბაზარზე შესვლას სექტემბერში აანონსებს და აღნიშნავს, რომ პირველ ეტაპზე მომხმარებელს 3 პროდუქციას შესთავაზებს.
"სექტემბერში ოფიციალურად იგეგმება Vynity-ს ბაზარზე შესვლა. პირველ ეტაპზე, მომხმარებელს 3 პროდუქციას შევთავაზებთ. ეს იქნება მოკლე ვადიანი, 1 დღე და 48 საათიანი ანალიზი, საშუალო, სადაც 1 თვის ანალიზი მოხდება და 1 წლიანი, სადაც ყოველთვიური ჩაშლა ხდება და შემდეგ ჯამური 1 წლიანი ანალიზი. ამ სამი პროდუქტით დავიწყებთ და გავაგრძელებთ, სანამ ბირჟა ოფიციალურად ჩაეშვება და სავალდებულო გახდება ყველა ბაზრის მონაწილისთვის იქ ოპერირება.
მას შემდეგ, რაც ბირჟა ჩაეშვება, ჩვენს სერვისს დაემატება სახელმწიფო სისტემაში ამ ინფორმაციის ავტომატური გადაცემა, რაც მომხმარებელს ბანალურ განმეორებად საქმეებს გაუმარტივებს და აღარ მოუწევთ დროის დახარჯვა და ადამიანური შეცდომის დაშვება გასამეორებელ ამოცანებზე. Vynity-ის ამოცანა სწორედ ეს არის, რომ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, შეგვიძლია ძალიან ზუსტი პროგნოზი დავდოთ და მეორეს მხრივ ვაჩქარებთ ამ პროგნოზს. აქედან გამომდინარე, ტექნოლოგია საშუალებებს გვაძლევს, რომ სწრაფად და იაფად გავაკეთოთ ეს ყველაფერი",- აღნიშნავს ჯალაღონიამ.
მისი განმარტებით, მთავარი ფაქტორი, რასაც ამ პროდუქტით ამატებენ, რისკების გადაზღვევაა. მომხმარებელსაც და გენერაციის ობიექტსაც აქვს ყოველთვის ის შეგრძნება, რომ რისკი აქვს, რომლის გადაზღვევასაც ეს პლატფორმა მოახდენს.
ჯალაღონია სამომავლო პერსპექტივაში სხვა ქვეყნებში გასვლასაც პროგნოზირებს, რადგან რეგიონის ქვეყნებში იმავე პრობლემას აწყდებიან, რასაც საქართველოს ენერგო ბირჟა. აქედან გამომდინარე, სტარტაპის თანადამფუძნებელი ისეთ პროდუქტის შექმნას გეგმავს, რომელიც საქართველოს ეკონომიკას გასცდება და სხვა ბაზრებზეც იმუშავებს.