Lumina Foundation-ისა და Gallup-ის ერთობლივი კვლევის თანახმად, ყოველი მეექვსე ამერიკელი სტუდენტი აცხადებს, რომ შრომის ბაზარზე ხელოვნური ინტელექტის გავლენით გამოწვეული შიშების გამო ფაკულტეტი ან სწავლის მიმართულება უკვე შეიცვალა.
გამოკითხვაში, რომელიც 2025 წლის ოქტომბერში ჩატარდა, ბაკალავრიატისა და პროფესიული პროგრამების 3,801 სტუდენტი მონაწილეობდა. მიღებული მონაცემებით ირკვევა, რომ ბაკალავრების 13%, ხოლო ასოცირებული ხარისხის მქონე სტუდენტების 19% სწავლის კურსის შეცვლის გადაწყვეტილებამდე სწორედ ტექნოლოგიური პროგრესის გამო მივიდა.
სტუდენტების დაახლოებით 47% პროფესიული არჩევანის გადახედვაზე სერიოზულად ფიქრობს, რადგან მათ აქვთ ეჭვი, რომ მათ მიერ არჩეული სპეციალობა მომავალში რელევანტური აღარ იქნება. Lumina Foundation-ის ვიცე-პრეზიდენტის, კორტნი ბრაუნის განმარტებით, ახალგაზრდებს აშფოთებთ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სამუშაო ადგილების შესაძლო გაუქმების შესახებ. მისივე თქმით, სტუდენტები სულ უფრო მეტად ფიქრობენ იმაზე, იქნება თუ არა მოგებიანი მათ მიერ განათლებაში ჩადებული დრო და ფინანსური რესურსი.
განსაკუთრებული გაურკვევლობა ტექნოლოგიური და პროფესიული მიმართულების სტუდენტებში შეინიშნება, რომლებიც ერთი მხრივ ტექნოლოგიებისკენ მიისწრაფვიან, მეორე მხრივ კი მათი ჩანაცვლების რისკებს ყველაზე მკაფიოდ ხედავენ.
კვლევა აჩვენებს, რომ ხელოვნური ინტელექტი გავლენას ახალგაზრდების მიერ უმაღლესი განათლების მიღების გადაწყვეტილებაზეც იქონიებს. გამოკითხულთა 29% მიიჩნევს, რომ სასწავლო დაწესებულებები მათ კარიერული გამოწვევებისთვის სათანადოდ არ ამზადებენ.
მიუხედავად ამისა, სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ კრიტიკული აზროვნება, კომუნიკაცია და გუნდური მუშაობის უნარი ისეთ ფუნდამენტურ თვისებებად მიიჩნევა, რომელთა ჩანაცვლებასაც ტექნოლოგიები ვერ შეძლებს. ამდენად, ანალიტიკოსების შეფასებით, აკადემიური ხარისხის ფლობა და მუდმივი გადამზადება დასაქმების ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნების მთავარ გარანტიად იქცევა.




























