მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ყველაფრის 0-დან დაწყება გვიწევს” - AI Lab-ის დამფუძნებელი მიზეზებზე

AI lab

ხელოვნური ინტელექტი მსოფლიოში დღითი დღე უფრო აქტუალური ხდება და მსოფლიოს პოლიტიკური თუ ბიზნეს ლიდერებიც ამ საკითხს დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თემად მიიჩნევენ. თუმცა, როგორ უწყობს ფეხს საქართველო ტექნოლოგიების გლობალურ ტენდენციებს, ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში AI Lab-ისა და Pulsar AI-ის თანადამფუძნებელი, ზაალ გაჩეჩილაძე საუბრობს.

“რამდენიმე მიზეზი არსებობს, რის გამოც ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ მსოფლიო ინოვაციებს ფეხი უნდა ავუწყოთ, მათ შორის უპირველესი ეკონომიკური მიზეზებია, რის გამოც ჩვენივე AI რაც შეიძლება სწრაფად უნდა გვქონდეს, იმისთვის, რომ პერსონალური თუ ორგანიზაციული პროდუქტიულობა გაიზარდოთ. ციფრულ ეკონომიკებად გარდაქმნას თან ახლავს ბევრი პროცესი, რომლის შესრულებაშიც ხელოვნური ინტელექტი გეხმარება, აკეთებს 10-ჯერ უფრო სწრაფად და უკეთესად.

ამიტომ, ჩვენნაირი პატარა ეკონომიკებისთვის ერთადერთ ხსნად მიმაჩნია, რომ ჩავთვალოთ განვითარების ახალ, რევოლუციურ ტალღას და მის სათავეში დავრჩეთ, ვიდრე ჩამოვრჩეთ და შემდეგ ამაზე ვიწუწუნოთ - ამ ყველაფერს სჭირდება სწორი გუნდი, რომლებსაც საკმარისი დრო და რესურსები ექნებათ შედეგების მისაღებად”, - ამბობს ზაალ გაჩეჩილაძე.

კითხვაზე, თუ რამდენად მზადაა საქართველო ხელოვნური ინტელექტის ფართოდ გავრცელებისა და დანერგვისთვის, გაჩეჩილაძე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ამისათვის შესაბამისი პირობები და ინფრასტრუქტურა არ არსებობს.

“Pulsar AI 2017 წელს დავაფუძნეთ, ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ და შევძელით, რომ მაშინდელი ტექნოლოგიით AI ტალღა ქართულ ენაზე აგველაპარაკებინა. შემდეგ Pulsar-ი ამერიკაში გავყიდეთ, აქ კი შარშან AI Lab-ი წამოვიწყეთ, რითაც ახალი რაღაცების გაკეთება გვინდა და ისევ ნულიდან გვიწევს დაწყება, რადგან ამ სფეროსთვის ინფრასტრუქტურა საერთოდ არ არსებობს, რასაც ჩვენ ვქმნით კი საკმარისი არ არის”, - ამბობს Pulsar Ai-ის დამფუძნებელი.

Pulsar AI საერთაშორისო ბაზარზე Impel-ის სახელითაა ცნობილი, ამერიკული კომპანია კი დღემდე ქართული ოფისიდან იმართება.

“ჩვენი კომპანია ამერიკაში გავყიდეთ, ახლა ის სრულად AI კომპანიაა, რომლის საოპერაციო ნაწილიც თბილისის ოფისიდან იმართება, წელს ძალიან დიდი კომპანია გახდა, ახალი ინვესტორიც მოვიზიდეთ $100 მლნ-ით. თბილისის ოფისში კი 100-მდე ადამიანი გვყავს დასაქმებული, რითაც ქვეყანაში მილიონ დოლარზე მეტი შემოგვაქვს ყოველწლიურად.

საქართველოს ბაზრისთვის კი გასულ წელს შევქმენით AI Lab-ი, რომლის პირველი პროტოტიპიც ChatGPT-ის მსგავსი, მცირე ზომის მოდელია, რომელსაც გამართული ქართულით ზღაპრების გენერირება შეუძლია. ეს პროექტი იმის დადასტურება იყო, რომ ყველაფერი შესაძლებელი და გამოსვლადია. ამ ყველაფერს წელს უფრო მასშტაბურს გავხდით, რაშიც უფრო მეტი ინვესტიციის ჩადება დაგვჭირდება. GITA-სა და AI ასოციაციასთან თანამშრომლობით ბევრ კარგ რამეს ვაპირებთ”, - ამბობს ზაალ გაჩეჩილაძე.

Pulsar AI-სა და AI Lab-ის გარდა, ქართულ ბაზარზე Pulsar-ის წინამორბედი კომპანია SuperNov-ც კვლავ ოპერირებს, რომელიც სხვადასხვა კომპანიას პრობლემის გადაწყვეტის გზებს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით სთავაზობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები